ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე დამოუკიდებელ იურისტებს მიმართავს, რომ დღეს ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე გამოტანილი განაჩენი შეაფასონ. მისი თქმით, საზოგადოება უნდა მიხვდეს, საქმე "რასთან გვაქვს".

"ეს არის უაზრობა, რაც დღეს გააკეთეს და ნონსესნია, იურიდიული კაზუისტიკაა, პირდაპირ გეუბნებით და მე მინდა, ვთხოვო, არაჩვეულებრივი იურისტები გვყავს ჩვენ, რომლებიც პოლიტიკაში არ არიან ჩართულები, იქნებ, რაღაც კონფერენციასავით მოიწვიოთ, 5-10 კაცი შეიკრიბოთ. მე მინდა, რომ დამოუკიდებლად, რაღაცნაირად იქნებ, შეიკრიბოთ და დღეს რა გადაწყვეტილებაც მიიღო, ამის შეფასება დამოუკიდებელმა იურისტებმა გააკეთეთ, რომ საზოგადოება მიხვდეს, თუ რასთან გვაქვს საქმე. ამას გავასაჩივრებთ, გავასაჩივრებთ სტრასბურგამდე, იმიტომ, რომ მე თადუმაძის იმედი რომ არ მაქვს, გასაგებია", — აღნიშნა მან TV პირველის ეთერში.

მოსამართლე გიორგი არევაძემ ე.წ. ფულის გათეთრების საქმის განაჩენი გამოაცხადა. მან ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს ბრალდება თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ისინი სასჯელისგან გათავისუფლდნენ. ბრალი გადაუკვალიფიცირდა იგივე საქმეში ბრალდებულ ავთანდილ წერეთელსაც. მას პროკურატურა ფულის გათეთრებაში ამსრულებლობასა და თანამონაწილეობას ედავებოდა, თუმცა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვს ბრალის გადაკვალიფიცირების შემდეგ მოსამართლემ წერეთელი თაღლითობაში ამსრულებლისა და თანამონაწილობისთვის ცნო დამნაშავედ.

საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებენ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელიც. ხაზარაძემ მის მიმართ გამოტანილი განაჩენის შეფასებისას სასამართლოს "ერთი კაცის მართლმსაჯულება" უწოდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს პროკურატურაც. უწყების განცხადებით, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები "სრულად გაიზიარა", თუმცა "არ დაეთანხმა" ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში.

ამავე თემაზე: