კლუბ KHIDI-ს დამფუძნებლის, სოფო ლეჟავას ინფორმაციით, მომდევნო ორი კვირით კლუბებს მუშაობის უფლება ისევ შეუზღუდეს. ებრალიძის თქმით, ამის შესახებ კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის ხელმძღვანელ დავით ლეჟავას მთავრობის წარმომადგენლებმა დღეს აცნობეს. მისივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ღიბრაძე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო კვენეტაძე.

"ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ 14-15 იანვარს და 21-22 იანვარზეც იყო დაშვება კლუბების მუშაობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს ორივე უქმეები უკვე დაგეგმილი აქვს ყველა კლუბს. ორი დღით ადრე გამოცხადება, რომ შევიზღუდეთ მიუღებელია", — უთხრა On.ge-ს სოფო ებრალიძემ.

KHIDI-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ უკვე დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმება შეუძლებელია.

"ერთი არტისტი ჩამოსულია უკვე, მეორე ბილეთი აღებული აქვს. ადგილობრივი არტისტები, ვინც უკრავენ და თანამშრომლები, რომლებიც ივენთიდან ივენთამდე იღებენ ხელფასს და შესაბამისად, ყველას თავისი ფინანსური გათვლა აქვს. შანსი აღარ გვაქვს, კიდევ ერთხელ გავაუქმოთ ღონისძიებები.

ერთადერთის ფერო ვართ, რომელიც იცავს იმ წესებს, რომელზეც შევთანხმდით, რომ დავიცავდით. მიუხედავად იმისა, რომ ყველასთვის ძალიან დამაზარალებელია პროცენტული შეზღუდვა სივრციდან გამომდინარე, ვიცავთ მაქსიმალურად მაგას, რომ არ ავცდეთ იმ პროცენტს, იმიტომ, რომ მერე არ შემოგვიტრიალდეს ჩვენ ცუდად. გამოდის, რომ ვინც ვცდილობთ წესიერად მოვიქცეთ, ისინი ვიზღუდებით ისევ", — ამბობს ებრალიძე.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლები დაჰპირდნენ, რომ ამ 2-კვირიან შეზღუდვას მთავრობა დაასუბსიდირებდა, თუმცა ებრალიძისთვის ეს მიუღებელია.

"ცუდი ის არის, რომ სუბსიდირებას 2 კვირა მოვახდენთო და შემდეგი ორი კვირა უკვე კლუბსა და მომხმარებელს შორის უნდა მოხდეს ხარჯების განაწილებაო. მგონი, რომ ძალიან სიგიჟეა. ჩვენ ისედაც გავაძვირეთ ბილეთის ფასი კლუბის. სხვანაირად არ გამოდიოდა. ეს იყო მათი შემოთავაზება, რაზეც, იმედი მაქვს რომ არცერთი კლუბია რ იქნება თანახმა", — ამბობს ებრალიძე.

მთავრობის ოფიციალური დადგენილებით, კლუბებს მუშაობის უფლება 7 და 8 იანვრის ღამეს, იქამდე კი 31 დეკემბერსა და 1 იანვარს მიეცათ. კლუბში დაიშვებოდნენ სრულად ვაქცინირებული, კოვიდგადატანილი ან 48-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირები. სოფო ებრალიძის ინფორმაციით, მთავრობასთან მოლაპარაკებებისას საუბარი იყო მხოლოდ ამ კლუბში შესვლის კრიტერიუმების გამკაცრებაზე და არა მუშაობის სრულად შეზღუდვაზე.

დღეს ღამის კლუბების წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან და სავარაუდოა, რომ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებასაც გაავრცელებენ.