სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე მხარდაჭერას უცხადებს ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს და ამბობს, რომ "სამ წლიანი ეპოპეის" შემდეგ, ქართულმა ოცნებამ ვერ გაბედა ისინი ე.წ. ფულის გათეთრების საქმეში დაედანაშაულებინა. ვაშაძის განცხადებით, აბსურდულია სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, ბრალის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირებასთან დაკავშირებით.

"სამ წლიანი ეპოპეის შემდეგ ქართულმა ოცნებამაც კი ვერ გაბედა დაედანაშაულებინა ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელი ფულის გათეთრების საქმეში, რადგან ეს ბრალდება თავიდანვე აბსურდული იყო. ასევე აბსურდულია ის განაჩენიც, რომლის შედეგადაც ისინი დღეს გაასამართლეს თაღლითობის მუხლით. დარწმუნებული ვარ გასაჩივრების შემდეგ სასამართლოს ინსტანციები გააცამტვერებს ბრალდებას, რომელიც დღეს მოსამართლემ გამოუტანა მათ.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი პოლიტიკური დევნის, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დასასრულებლად არის თავდაუზოგავი ბრძოლა კანონით დაშვებული ყველა მეთოდის გამოყენებით, რასაც დღეს აკეთებს და კიდევ უფრო აქტიურად გააკეთებს სტრატეგია აღმაშენებელი სხვა პოლიტიკურ ძალებთან და დასავლელი პარტნიორებთან ერთად", — თქვა ვაშაძემ.

მოსამართლე გიორგი არევაძემ ე.წ. ფულის გათეთრების საქმის განაჩენი გამოაცხადა. მან ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს ბრალდება თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ისინი სასჯელისგან გათავისუფლდნენ. ბრალი გადაუკვალიფიცირდა იგივე საქმეში ბრალდებულ ავთანდილ წერეთელსაც. მას პროკურატურა ფულის გათეთრებაში ამსრულებლობასა და თანამონაწილეობას ედავებოდა, თუმცა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვს ბრალის გადაკვალიფიცირების შემდეგ მოსამართლემ წერეთელი თაღლითობაში ამსრულებლისა და თანამონაწილობისთვის ცნო დამნაშავედ.

საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებენ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელიც. ხაზარაძემ მის მიმართ გამოტანილი განაჩენის შეფასებისას სასამართლოს "ერთი კაცის მართლმსაჯულება" უწოდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს პროკურატურაც. უწყების განცხადებით, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები "სრულად გაიზიარა", თუმცა "არ დაეთანხმა" ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში.

ამავე თემაზე: