სხვებთან ურთიერთობისას შფოთვას, დაძაბულობას ან უხერხულობას განიცდი? ხალხმრავალი თავყრილობისას წითლდები, ოფლიანდები ან გულისცემა გიჩქარდება? ადამიანებთან ინტერაქციას თავს არიდებ? ხშირად დარდობ იმაზე, სხვები როგორ გაფასებენ? თუ ამ კითხვებზე პასუხი დადებითია, დიდი ალბათობით, იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნები, ვინც თავს მორცხვად მიიჩნევს.

თუ ჩემსავით ვერ გამშვიდებს იმის ცოდნა, რომ ხალხი იმდენსაც არ ფიქრობს შენზე, რამდენიც თავად გგონია, მაშინ ეს სტატია შენთვისაა. ქვემოთ იმ (მტკივნეულად) ნაცნობ 10 სიტუაციას წარმოგიდგენთ, რომლებშიც საკუთარი თავის ამოცნობა არ გაგიჭირდებათ.

მაშ ასე, დავიწყოთ.

1. მასწავლებლის საყვარელი მოსწავლის სტატუსი

ფოტო: Giphy

რომელიც იმით დაიმსახურე, რომ ერთადერთი იყავი, ვინც ყურადღებით უსმენდა, მთელი გაკვეთილი ბოლო მერხზე ჩუმად იჯდა და კედელზე დიდი ასოებით გამოკრულ საკლასო წესს — გაკვეთილზე არ იხმაუროთ! — პატიოსნად იცავდა.

2. აუხსნელი სიყვარული

ფოტო: Giphy

გაკვეთილზე შენ წინ მჯდომი სატრფოს ზურგის, კისრის, თმებისა და სახის ნაწილის ცქერით ტკბებოდი. ცხადია, იმ ერთადერთისთვის სიყვარულის ახსნა აზრადაც არ მოგდიოდა. "შორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა" უფრო რომანტიკულია ან... უბრალოდ მორცხვობის ბრალი იყო და რომანტიკა არაფერ შუაშია.

3. საჯაროდ გამოსვლის შიში

ფოტო: Giphy

პრეზენტაციის გაკეთებისას ხელის გულები გიოფლიანდება, გული გიჩქარდება, ჰაერი აღარ გყოფნის, ვეღარ ლაპარაკობ და უცებ ტექსტიც გავიწყდება. ამ დროს გგონია, რომ სამყაროს აღსასრული დადგა. მორჩა! პრეზენტაციას აღარასდროს გააკეთებ! მაგრამ შემდეგ ჯერზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდება უფრო გაშფოთებს, ამიტომ თავიდან იწყება მოჯადოებულ წრეზე სიარული.

4. უხერხული სიჩუმე...

ფოტო: Giphy

ეს იმდენად გასაგებია, რომ მეტს აღარაფერს დავამატებ.

5. საჭმელს გთავაზობენ და უარს ამბობ, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილით კვდები

ფოტო: Giphy

ეს სიტუაცია ნაცნობი იქნება ნაკლებად მორცხვი ადამიანებისთვისაც, მაგრამ შენ, მათგან განსხვავებით, არ ოცნებობ, რომ კიდევ შემოგთავაზონ... ან შეიძლება, ოცნებობ, მაგრამ ასჯერაც რომ მიგიპატიჟონ სუფრასთან, დათანხმება ყველა ჯერზე ძალიან გაგიჭირდება.

6. უცხო გარემოში ვერავის გაცნობას ახერხებ

ფოტო: Giphy

მისვლა და უბრალოდ სახელის კითხვაც კი ცხრათავიანი დრაკონის დამარცხებას უდრის. შესაშურად გაბედულ და თავდაჯერებულ ადამიანებს გაუჭირდებათ გაიგონ, ეს როგორი საგმირო საქმეა ჩვენთვის.

7. უცხო ადამიანს კომპლიმენტს ვერ ეუბნები

ფოტო: Giphy

აზრი არ აქვს ღრმად ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას, იმაზე კონცენტრირებას, რომ ამაში სამარცხვინო და მოსარიდებელი არაფერია, ღმერთისთვის თავდაჯერებულობის თხოვნას, 100 ბუქნის გაკეთებას და ა.შ. უბრალოდ არ შეგიძლია, მორჩა, ვერაფერს გააწყობ.

8. "ჩუმად რატომ ხარ? რამე გეწყინა? არ გინდა, რამე მოგვიყვე?"

ფოტო: Tenor

ყველაზე მტკივნეული კითხვებია. ამ დროს შენი გადარჩენა შეუძლია საპირფარეშოში გაქცევას ან იმ არარსებულ ადამიანს, რომელთან დარეკვაც სწორედ იმ წამს გაგახსენდა.

9. სხვების აღტაცებული სახეები, როცა რამეს ამბობ

ფოტო: Giphy

ჯერ საკუთარ თავთან გაქვს დიალოგი. შემდეგ ამ ყველაფრის თანამოსაუბრეებისთვის გაზიარების ჯერი დგება, ისინი კი აღტაცებულნი არიან იმით, რომ თურმე ლაპარაკის უნარიც გქონია: "შენ ლაპარაკობ?" "ამოიდგა ენა. თოფი გაისროლეთ!" "ყოჩაღ! აბლონისმატები!"

მაგრამ, როგორც წესი, მოვლენები ასე კარგადაც არ ვითარდება ხოლმე...

10. როცა გადაწყვეტ, რომ საუბრის დასაწყებად მზად ხარ, სხვები უკვე ერთმანეთს ემშვიდობებიან და მიდიან

ფოტო: Giphy

შენ კი ამოუთქმელი აზრი გულზე ლოდად გაწვება.