ლოს-ანჯელესის პოლიციის 2 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ პოლიციელები ქურდის ნაცვლად პოკემონის დაჭერას ცდილობდნენ. როგორც აღმოჩნდა, ისინი პოპულარული Pokemon Go-ის თამაშში იყვნენ გართული, რომლის დროსაც მოთამაშეები რეალურ ლოკაციებზე ვირტუალურ პოკემონებს ეძებენ და მათ იჭერენ.

2017 წლის 15 აპრილს პოლიციელებმა შეტყობინება მიიღეს, რომ ახლომდებარე მაღაზია გაძარცვეს და სხვებს მათი დახმარება სჭირდებოდათ. მათ გამოძახებას არ უპასუხეს და უფროსს მოგვიანებით აუხსნეს, რომ შეტყობინება არ გაუგიათ.

სინამდვილეში პოლიციელებმა შეტყობინება მიიღეს, თუმცა შემთხვევის ადგილი მიატოვეს და 20 წუთის განმავლობაში პოკემონ სნორლაქსს ეძებდნენ და თამაშს განიხილავდნენ.

თავდაპირველად პოლიციელები სამსახურში თამაშს უარყოფდნენ, თუმცა, მათდა სამწუხაროდ, მანქანაში კამერა იყო დამონტაჟებული, ვიდეოში კი დაფიქსირებულია, რომ პოლიციელებმა გადაწყვიტეს, გამოძახებისთვის ყურადღება არ მიექციათ და ამის მაგივრად სნორლაქსის დაჭერა ეცადათ.

პოლიციელებმა დამსაქმებლების ბრალდების საწინააღმდეგოდ მიუთითეს, რომ მანქანაში შიდა კამერების დამონტაჟების შესახებ არაფერი იცოდნენ, თუმცა უშედეგოდ — უფლებამოსილმა საბჭომ ჩათვალა, რომ სამსახურში თამაშით მათ საზოგადოების რწმენას უღალატეს და ორივე პოლიციელი სამსახურიდან გაუშვეს.

მოგვიანებით პოლიციელებმა სასამართლოსაც მიმართეს, თუმცა სასამართლომ ჩათვალა, რომ მათი უფლება არ დარღვეულა და პოლიციელების სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ამავე თემაზე: