თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, მათ დიდი ბრიტანეთის ბრისტოლის ზოოპარკისგან საჩუქრად გამოგზავნილი 19 აფრიკული პინგვინი მიიღეს.

მათივე ცნობით, ხვალ, 11 აპრილს, 17 საათზე, თბილისის ზოოპარკში ახალი ბინადრების გადმოცემის ცერემონია გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან ბრისტოლ-თბილისის ასოციაციის თავმჯდომარე და თბილისის საპატიო მოქალაქე დერეკ პიკაპი, ბრისტოლის ზოოპარკის განვითარების დირექტორი რიჩარდ როლინგსი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი და თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი.

თბილისთან დაძმობილებული ქალაქ ბრისტოლის ზოოპარკმა თბილისის ზოოპარკისთვის აფრიკული პინგვინების ჩუქება 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ გადაწყვიტა.

ზოოპარკის ადმინისტრაციის ცნობით, აფრიკული პინგვინების მისაღებად გაფართოვდა ძველი პინგვინარიუმი, მოეწყო დამატებითი სივრცე და ქვიშიანი სანაპირო, გაკეთდა ახალი თავშესაფრები და საბუდრები.