ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე საქალაქო სასამართლოს მიერ მათი მიმართ გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებენ. ამის შესახებ მათ პარტია ლელოს ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.

"ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, იმიტომ, რომ არ ვეთანხმებით. არანაირი დანაშაული არ მომხდარა. არანაირი დანაშაულის ნიშან-წყალი არ არსებობს. ეს იყო ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტის გადასარჩენად, რომელიც გადავარჩინეთ, გავხადეთ ჩვენი ქვეყნის წარმატების სახედ. ჩვენ იგივეს მივაღწევთ პოლიტიკაშიც და ჩვენი ქვეყანა გახდება წარმატების სახე რეგიონში", — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძემ მის მიმართ გამოტანილი განაჩენის შეფასებისას სასამართლოს "ერთი კახის მართლმსაჯულება" უწოდა და ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ მიმართა:

"ეს მმართველობა ამ ქვეყანაში, მისი ხელმძღვანელობით — ბიძინა ივანიშვილს მივმართავ პირადად — დამთავრდება. იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ვერ შეეგუება ასეთ უსამართლო მართლმსაჯულებას ამ ქვეყანაში", — განაცხადა ხაზარაძემ.

განაჩენს გაასაჩივრებს იგივე საქმის ფიგურანტი ავთანდილ წერეთელიც. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, კახა წერეთელმა განაცხადა.

რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე გიორგი არევაძემ ე.წ. ფულის გათეთრების საქმის განაჩენი გამოაცხადა. მან ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს ბრალდება თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ისინი სასჯელისგან გათავისუფლდნენ. ბრალი გადაუკვალიფიცირდა იგივე საქმეში ბრალდებულ ავთანდილ წერეთელსაც. მას პროკურატურა ფულის გათეთრებაში ამსრულებლობასა და თანამონაწილეობას ედავებოდა, თუმცა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვს ბრალის გადაკვალიფიცირების შემდეგ მოსამართლემ წერეთელი თაღლითობაში ამსრულებლისა და თანამონაწილობისთვის ცნო დამნაშავედ.

გაიგე მეტი:

  • ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი ფულის გათეთრების ნაცვლად თაღლითობაში ცნეს დამნაშავედ, თუმცა სასჯელი გაუუქმეს