საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ევროპული უსაფრთხოების მიმართ რუსეთის მუქარას ეხმაურება და მიმართვას ავრცელებს. დეგნანის განცხადებით, აშშ პატივს სცემს თითოეული ქვეყნის, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის, სუვერენიტეტს. ამასთანავე, დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ საქართველოს გარეშე მის შესახებ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მისი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევია.

კელი დეგნანი მიმართვაში აცხადებს, რომ აშშ საერთაშორისო საზოგადოების უდიდეს ნაწილთან ერთად გააგრძელებს მოწოდებას, რომ რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია შეწყვიტოს. მისი თქმით, ამერიკა კვლავ ერთგულია ბუქარესტის დეკლარაციის და საქართველო გახდება NATO-ს წევრი, როდესაც გაწევრიანების პირობებს დააკმაყოფილებს.

"მოდით, მკაფიოდ ვთქვათ: კრემლს სხვა არაფრის შეთავაზება არ შეუძლია, გარდა შიშის, ჩაგვრისა და დეზინფორმაციისა. ეს არ არის ის ღირებულებები, რაზეც საქართველო და შეერთებული შტატები დგას. შეერთებულ შტატებს კვლავაც სჯერა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რათა ეს რეალობად იქცეს. ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ რუსეთს კონფლიქტის თავიდან აცილებისა და დეესკალაციის მიზნით. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია და არ ვაპირებთ, დავთმოთ ევროპული უსაფრთხოება, სუვერენიტეტი თუ თავისუფლება. საქართველოს დევიზი ჩვენი დევიზია: "ძალა ერთობაშია!", — აცხადებს დეგნანი.

ელჩის თქმით, ჟენევაში მიმდინარე შეხვედრები აქტუალურია საქართველოსთვის და აშშ-ს მჭიდრო კოორდინაცია აქვს საქართველოს მთავრობასთან, ისევე, როგორც სხვა პარტნიორებსა და მოკავშირეებთან. მისივე თქმით, საქართველო ყოველდღიურად განიცდის რუსულ აგრესიას და რუსეთი წლებია ცდილობს, აშშ-ისა და ევროპელი პარტნინორების, მათ შორის საქართველოს გაყოფას, მაგრამ აშშ ამას არ დაუშვებს.

10 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგეი რიაბკოვს შეხვდა. თითქმის 8-საათიანი შეხვედრის შემდეგ მათ ჟურნალისტებთან ისაუბრეს. ორივე მხარე თანახმაა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, თუმცა კომენტარებით ცხადია, რომ ისინი შორს არიან შეთანხმების მიღწევისგან.

შერმანის თქმით, შეხვედრაზე გულწრფელად და პირდაპირ ისაუბრეს და ეს იყო დისკუსია ერთმანეთის უკეთ გასაგებად. მისივე თქმით, ეს არ იყო ის, რასაც მოლაპარაკებებს ეძახიან. თავის მხრივ რიაბკოვიც ამბობს, რომ შეხვედრა რთული, პროფესიონალური და კონკრეტული იყო. მისივე თქმით, აშშ სერიოზულად მიუდგა რუსეთის მოთხოვნებს.

რიაბკოვმა თქვა, რომ რუსეთს უკრაინზე თავდასხმის გეგმა არ აქვს და აღნიშნა, რომ დასავლეთს შანტაჟისა და სანქციების გარდა არსენალში არაფერი დარჩა. შერმანმა კი განაცხადა, რომ მათთვის მიუღებელია რუსეთის მოთხოვნები ნატოს გაფართოების შეჩერებაზე და არ მიიღებენ გადაწყვეტილებას უკრაინაზე უკრაინის გარეშე, ისევე, როგორც ნატოზე, ნატოს გარეშე. რიაბკოვის განცხადებით, მოსკოვს სჭირდება "რკინა-ბეტონის გარანტიები", რომ საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან ნატოს წევრები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი პოზიციებს არ თმობს.

ამავე თემაზე: