ესპანეთის ჩრდილოეთით ცხოველმა, რომელიც თავისი საკვების საძებნელად იყო გამოსული, რომაული მონეტების უზარმაზარი მარაგი იპოვა. მშიერი არსება, სავარაუდოდ, მაჩვი, შარშან ზამთარს, როცა ესპანეთში უხვი ნალექი და ძლიერი სიცივე იყო, მონდომებით ეძებდა საჭმელს, რა დროსაც თავისი საბინადროს მახლობლად, ღრეჩოში, განძს მიაგნო. თუმცა, რადგან ძველი მონეტები სულაც არ აინტერესებდა, ანტიკური ნივთები იქვე, თავის სოროსთან მიატოვა.

საბოლოოდ, 209 მონეტა ორმა არქეოლოგმა იპოვა, როცა ისინი ახლომდებარე გამოქვაბულს ესტუმრნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მაჩვის აღმოჩენა განმაცვიფრებლად უნიკალურია და ჩვენი წელთაღრიცხვით მე-3 საუკუნიდან მე-5 საუკუნემდე პერიოდით თარიღდება.

ფოტო: Alfonso Fanjul Peraza

ერთ-ერთი მკვლევრის თქმით, მონეტები, სავარაუდოდ, კონსტანტინოპოლში და დღევანდელი სალონიკის ტერიტორიაზეა მოჭრილი. ასევე მკვლევრების აზრით, ეს აქამდე ესპანეთში ნაპოვნი უდიდესი რომაული განძია.

მანამდე, გასული საუკუნის 30-იან წლებში, ქვეყანაში ასევე იპოვეს კონსტანტინე I-ის ზეობისას მოჭრილი 14 ოქროს მონეტა.

ამჯერად, არქეოლოგები და სხვა მეცნიერები ნაპოვნი განძის ტერიტორიაზე დაბრუნებას აპირებენ, რათა ადგილი უკეთ შეისწავლონ. მანამდე კი მხოლოდ მაჩვმა თუ იცის, რა იმალება თავისი სამოსახლოს მახლობლად.