ყველასათვის ნათელია, რომ COVID-19-ის პანდემიამ ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. იგი განსაკუთრებით შეეხო ახალგაზრდებს, რადგან სკოლები დაიკეტა და მილიონობით ბავშვი მეგობრების, მასწავლებლებისა და "ნორმალური ცხოვრების" გარეშე დარჩა.

ფსიქიკაზე ამის უარყოფითი შედეგები არაერთ კვლევას აღურიცხავს, თუმცა სკოლების დაკეტვამ სკოლის მოსწავლეებზე მინიმუმ ერთი დადებითი შედეგიც იქონია — შვეიცარიაში ჩატარებული ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თინეიჯერებს, რომლებსაც 2020 წელს პანდემიის პირველი ტალღის დროს მარტიდან ივნისამდე შინიდან სწავლობდნენ, გაცილებით დიდხანს ეძინათ, ვიდრე კარანტინამდე, რაც მათი კეთილდღეობის გაუმჯობესებას უკავშირდება. მიგნებების შესახებ ჟურნალ JAMA Network Open-ში ამოიკითხავთ.

"სტუდენტებს კარანტინის დროს დღეში საშუალოდ 75 წუთით მეტი ეძინათ", — თქვა ოსკარ ჯენიმ, ციურიხის უნივერსიტეტის მკვლევარმა — "ამავდროულად, მოზარდებში ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ალკოჰოლისა და კოფეინის მოხმარება კი შემცირდა".

კვლევის ფარგლებში ჯენიმ და სხვა მკვლევრებმა ციურიხში მცხოვრებ 3 600-მდე უფროს მოსწავლეში ონლაინ გამოკითხვა ჩაატარეს. კითხვები მათი ძილის ყაიდას, ჯანმრთელობასა და ქცევით თავისებურებებს უკავშირდებოდა. შემდგომში მეცნიერებმა შედეგები 5 300 მოსწავლეში ჩატარებულ კვლევას შეადარეს. იგი 2017 წელს, პანდემიის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე წარიმართა.

შედარებამ აჩვენა, რომ სასწავლო კვირის განმავლობაში პროცესში სახლიდან ჩართული ბავშვები საშუალოდ 90 წუთით გვიან იღვიძებდნენ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის თინეიჯერები; ამასთანავე, ისინი დაახლოებით 15 წუთით გვიან იძინებდნენ, რაც ნიშნავს, რომ ძილის ჯამური მოგება ყოველდღიურად დაახლოებით 75 წუთს შეადგენდა.

ამავდროულად, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, კარანტინის ჯგუფის წარმომადგენლებს ჯანმრთელობა და ქცევითი თავისებურებები გაუუმჯობესდათ, რაც ძილის დამატებითი 75 წუთის დადებით გავლენაზე მეტყველებს. ამისდა მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ პასუხებში პანდემიური იზოლაციის სხვა გავლენებიც იკითხება.

"კარანტინის ჯგუფის წევრები თავს უფრო ჯანმრთელად და მხნედ გრძნობდნენ, ენერგიით იყვნენ აღსავსენი, საკუთარი თავისთვის მეტი დრო ჰქონდათ და შეეძლოთ, თავისუფალი დრო სასურველი აქტივობებისათვის დაეთმოთ. ამის საპირისპიროდ, ისინი თავს უფრო მარტოსულად, მოწყენილად გრძნობდნენ და მეგობრებთან ერთადაც ნაკლებად ერთობოდნენ", — წერენ მეცნიერები ნაშრომში.

ჯენიზე დაყრდნობით, შედეგები აჩვენებს, რომ, თინეიჯერებზე მიუხედავად იზოლაციის უარყოფითი ეფექტებისა, ძილის დამატებითმა ხანგრძლივობამ, როგორც ჩანს, არაერთი სარგებელი მოიტანა და სახლში გამოკეტვის დღეები ხანგრძლივ პერსპექტივაში მეტად ასატანი გახადა.

"მიუხედავად იმისა, რომ კარანტინმა ჯანმრთელობის კუთხით არაერთი ახალგაზრდა დააზარალა, ჩვენი მიგნებები სკოლების დაკეტვის დადებით მხარეს აჩვენებს. იგი აქამდე ნაკლებ ყურადღებას იქცევდა", — განაცხადა მეცნიერმა — "ჩვენი მიგნებები ნათლად ცხადყოფს, რომ ახალგაზრდების ძილისათვის დილაობით სკოლის შედარებით გვიან დაწყება სასარგებლოა".

უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი დასკვნა აქამდე არაერთ სხვა კვლევასაც დაუდია, ზოგიერთი ექსპერტი კი იმასაც ფიქრობს, რომ სკოლა დილის 10-11 საათამდე არ უნდა იწყებოდეს. ახალი კვლევა ამ მხრივ ორიგინალური ნამდვილად არ არის, თუმცა დამატებით მონაცემებს გვთავაზობს იმის სასარგებლოდ, რომ ბავშვებს შეუძლიათ, სკოლის შედარებით გვიან დაწყებით იზოლაციისა და კარანტინის პირობებშიც კი მიიღონ სარგებელი.

"მიგნებები გვთავაზობს, რომ სკოლების დაკეტვამ მოსწავლეებს საშუალება მისცა, ძილის რეჟიმი მოზარდთა გვიანი ძილის ფაზისათვის მოერგოთ", — გვიხსნიან მკვლევრები — "კვლევა პირველ სამეცნიერო მტკიცებულებას გვთავაზობს იმისა, რომ სკოლების დაკეტვასა და ძილთან დაკავშირებულ ცვლილებებს მოზარდების ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენა აქვს".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.