ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ერთხელ უთხრა, თუ როგორ მოახერხა "ამ არეულ ქვეყანაში" ასეთი სისტემების შექმნა. ამის შესახებ ხაზარაძემ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას ისაუბრა.

"ეს იწვევს განცდას, რომ ეს არის პოლიტიკური შეტევა, დაკვეთილი ბატონი ივანიშვილის მიერ, რომელმაც ერთხელ მითხრა, გულწრფელად მითხრა, სხვათა შორის, რომ მე რუსეთში ვიყავი და შენ როგორ მოახერხე ამ არეულ ქვეყანაში სისტემების შექმნაო. მართალია, მან არ იცის, როგორ შეიძლება პატიოსნად, თანამედროვედ და ევროპულად ააშენო ბიზნესები, იმიტომ, რომ მას ეშლება ბიზნესი და ფულის კეთება", — აღნიშნა მან.

დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესის დაწყების დროს მოსამართლემ მამუკა ხაზარაძე დარბაზიდან გააძევა. მიზეზი ხაზარაძესა და ბრალდების მხარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გახდა. მოგვიანებით, მოსამართლემ საბოლოო სიტყვის წარმოსათქმელად მისი დარბაზში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. საქმეზე განაჩენს მოსამართლე ხვალ, 11:00 საათზე გამოაცხადებს.

ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძესა და ავთანდილ წერეთელს პროკურატურა ფულის გათეთრებას ედავება. 2019 წლის 8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. მაშინ პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს და მასში თიბისის დამფუძნებლები და ამავდროულად, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე ფიგურირებდნენ.