ქველმოქმედებით, ხელგაშლილობითა და თავმდაბლობით ცნობილი კიანუ რივზი ირგვლივმყოფების გაოცებასა და გულის მოგებას არასდროს წყვეტს. ის უცხო ადამიანების დახმარების გარდა, ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თანამშრომლებსაც ხშირად ანებივრებს და გამონაკლისი არც მატრიცის ახალი ფილმი, The Matrix Resurrections აღმოჩნდა.

ახალი ფილმის პრემიერაზე, რომელიც სან-ფრანცისკოში გაიმართა, კიანუმ სხვების გახარება გადაწყვიტა და მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და ფილმის შექმნაში ჩართულ ყველა ადამიანს ძვირადღირებული და დაუვიწყარი მოგზაურობა მოუწყო.

კიანუმ მათთვის პირადი თვითმფრინავი იქირავა, სასტუმროში დააბინავა, თითოეული მათგანი პრემიერის ბილეთებითა და საჩუქრებით გაახარა და მათ გასართობად არც სხვადასხვა აქტივობის ორგანიზება დაეზარა.

ამის შესახებ ინფორმაცია ახალი ფილმის პრემიერაზე ჩედ სტაჰელსკიმაც დაადასტურა, რომელიც მატრიცის პირველ ნაწილში ნეოს დუბლიორი იყო, შემდეგ კი ჯონ ვიკის ფილმებიც გადაიღო.

"აქ თვითმფრინავით კიანუმ მოგვიყვანა. ის ძალიან გულიხვია. მაყურებელთა შორის უამრავი ადამიანი იქნება, რომელიც მას ეხმარებოდა, საბრძოლო ხელოვნებისა და ჯიუ ჯიცუს მასწავლებლებით დაწყებული — ვიზაჟისტებით, სტილისტებითა და დუბლიორების გუნდით დამთავრებული. ის ყოველთვის ახერხებს, რომ მისი მეგობრები და ოჯახიც აქ იყოს. ის შესანიშნავია", — ამბობს ჩედი კიანუზე.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კიანუმ საკუთარი გულუხვობით სხვები გაახარა. ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა John Wick 4-ის კასკადიორებს Rolex-ის საათები აჩუქა.

რაც მთავარია, კიანუ ყოველთვის ძალიან თავმდაბალია. მაგალითად, როცა გამოცემა The Hollywood Reporter-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რატომ დახარჯა სხვების გასახარებლად ამდენი ფული, მსახიობმა უპასუხა: "იმიტომ, რომ შთაბეჭდილებების გაზიარება და ერთად ცხოვრება მაგარია".

ამავე თემაზე: