Forbes-ის მიხედვით, TikTok-ის ორი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი ჩარლი და დიქსი დ'ამელიოები არიან. ჩარლიმ, რომელსაც ტიკტოკზე ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს, 2021 წელს 17,5 მლნ დოლარი გამოიმუშავა და წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტიკტოკერი გახდა. დიქსი კი მე-2 ადგილზე გავიდა და 2021 წელს ტიკტოკის მეშვეობით 10 მლნ დოლარი გამოიმუშავა.

ჩარლიმ პირველი ვიდეო 2019 წლის მაისში გამოაქვეყნა, დღეს კი 17 წლის გოგოს თითქმის 133 მილიონი გამომწერი ჰყავს. დიქსი კი 56,6 მილიონი გამომწერით მე-9 ადგილზეა.

TikTok-ის გარდა დები სხვა შოუებში მონაწილეობითაც არიან ცნობილები. ჩარლი და დიქსი Snapchat-ის შეჯიბრში, სახელად Charli vs. Dixie, იღებდნენ მონაწილეობას. გარდა ამისა, დები ოჯახთან ერთად რეალითი შოუში, სახელად The D’Amelio Show, მონაწილეობდნენ, რომელიც ტელეეკრანებზე 2021 წლის სექტემბერში გამოვიდა.

Forbes-ის მიხედვით, 2021 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტიკტოკერების ხუთეული ასეთია:

  1. ჩარლი დ’ამელიო: $17,5 მილიონი
  2. დიქსი დ’ამელიო: $10 მილიონი
  3. ედისონ რეი $8,5 მილიონი
  4. ბელა პორჩი & ჯოშ რიჩარდსი $5 მილიონი
  5. კრის კოლინსი & ავანი გრეგი $4,75 მილიონი

TikTok-ს მსოფლიოში უკვე ერთ მილიარდამდე მომხმარებელი ჰყავს, ხოლო ინფლუენსერებს სხვადასხვა კომპანია რეკლამებში საკმაოდ დიდ თანხას უხდის. TikTok-ის ვარსკვლავებს ერთ სარეკლამო პოსტში ნახევარი მილიონი დოლარის გამომუშავება შეუძლიათ, უმეტესობა კი ერთ რეკლამაში საშუალოდ $100 ათასიდან $250 ათასამდე იღებს.