სანამ იტყოდეთ, რომ სამყაროში მარადიული არაფერია, კარგად დაფიქრდით და გრეის ანატომია გაიხსენეთ. ცნობილი სერიალი ABC-ზე მე-19 სეზონით დაბრუნდება — სავარაუდოდ, 2022-2023 სატელევიზიო სეზონზე. ელენ პომპეომ, რომელიც სერიალის მთავარი გმირის, მერედით გრეის როლს ასრულებს, სერიალის გასაგრძელებლად ერთწლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა. საინტერესოა ისიც, რომ პომპეო ერთ-ერთი პროდიუსერიდან აღმასრულებელი პროდიუსერის რანგამდე დაწინაურდა.

ABC-ის არც ამჯერად განუცხადებია — ჯერჯერობით მაინც — იქნება თუ არა ეს სერიალის ბოლო სეზონი.

პომპეო, რომელიც ბოლო წლებში ღიად ამბობდა, რომ სერიალის დასრულება სურდა, შარშან გაზაფხულზე მე-18 სეზონის გადაღებას დათანხმდა. მას შემდეგ, წინა თვეშიც, მსახიობმა და პროდიუსერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი აზრით გრეის ანატომიის დამთავრების დრო იყო.

თუმცა, ეკრანზე ხანგრძლივი ყოფნის მიუხედავად, გრეის ანატომია თვრამეტი სეზონის შემდეგაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე ყურებად სერიალად და ყველაზე პოპულარულ სამედიცინო დრამად.

ფოტო: ABC

"გრეის ანატომია ნამდვილი ფენომენია, რომელიც მაყურებელმა მთელ მსოფლიოში შეიყვარა", — ამბობს Walt Disney Television-ის წარმომადგენელი, დანა უოლდენი, — "შონდა რაიმსის, კრისტა ვერნოფის, ელენ პომპეოსა და მთელი შემოქმედებითი გუნდის გვჯერა — რომ თანამედროვე მედიცინასა და ჩვენი დღევანდელი მსოფლიოს პრობლემებზე ჯერ კიდევ მოსაყოლი ისტორიების თხრობას განაგრძობენ".

როგორც ABC აცხადებს, სერიალის შემდეგი სეზონი სწორედ თანამედროვე მედიცინის მზარდი სამყაროს შესახებ მოგვითხრობს "ჩვენთვის საყვარელი ახალი და დაბრუნებული პერსონაჟებით".

გრეის ანატომია, რომელიც ABC-ის ყველაზე ხანგრძლივი პროექტია, უკვე 17 წელია, მიმდინარეობს. მისი შემქმნელი და აღმასრულებელი პროდიუსერი შონდა რაიმსია. არსებობის განმავლობაში სერიალმა უამრავი ჯილდო და ნომინაცია მიიღო, მათ შორის ოქროს გლობუსი საუკეთესო სატელევიზიო შოუსთვის.