ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის თქმით, დაპირისპირებების შედეგად ქვეყანას 2-3 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა. ის მომხდარში დემონსტრანტებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დაზარალდა 1 300-ზე მეტი დაწესებულება, თავს დაესხნენ 100-ზე მეტ სავაჭრო ცენტრს და დაწვეს 500-ზე მეტი მანქანა.

ტოყაევის თქმით, არ აქვს არანაირი ეჭვი, რომ ეს ტერორისტული თავდასხმა იყო, რომელიც წინასწარ დაგეგმეს, როგორც აგრესიის აქტი ყაზახეთის წინააღმდეგ. მისივე მტკიცებით, პროცესში უცხოელი მებრძოლები იყვნენ ჩართული ცენტრალური აზიიდან, მათ შორის, ავღანეთიდან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ ტოყაევმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბრისას განაცხადა. მათივე თქმით, ვიდეოზარი ევროპული მხარის ინიციატივით შედგა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და ყაზახეთს შორის პარტნიორობის მნიშვნელობას. ასევე, ქვეყნის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდაჭერას, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სრული პატივისცემის პირობებში.

ყაზახეთში დაკავებული მომიტინგეების რიცხვი 8 000-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ისევ დაძაბულობაა. საწვავის ფასის ზრდის გამო 4 იანვარს დაწყებული მასობრივი აქციების შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა გადადგა, თუმცა დაპირისპირება არ შეწყვეტილა. მოქალაქეები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

დემონსტრანტებმა აიღეს ალტანის აეროპორტი და ჩამოაგდეს ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი. მოგვიანებით, აეროპორტზე კონტროლი სამთავრობო ძალებმა აიღო. მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშული იყო, როგორც მობილური, ასევე ხაზის ინტერნეტი და დაბლოკილია რამდენიმე აპლიკაცია. ინტერნეტი ქალაქების ნაწილში აღდგა.

მოქმედმა პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა დემონსტრანტებს ხულიგნები უწოდა, ძალადობასა და მაღაზიების ძარცვაში დაადანაშაულა. "სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვისა და ძალოვანი სტრუქტურების დახმარების" მიზეზით ტოყაევმა მხარდაჭერა კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას, იგივე ОДКБ-ს სთხოვა. ქვეყნის ტერიტორიაზე შევიდნენ რუსული ჯარებიც, მათ შორის, BBC-ის ინფორმაციით, რუსეთმა ყაზახეთში 45-ე საჰაერო სადესანტო სპეცდანიშნულების ბრიგადა გაგზავნა, რომელიც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა.

7 იანვარს ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში "ანტიტერორისტული" ოპერაცია მიმდინარეობს, რომელიც "ბოევიკების სრულ განადგურებამდე" გაგრძელდება. მისივე თქმით, სამართალდამცავებს და არმიას მისცა ბრძანება, რომ ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გახსნან.