როცა ფუტურისტულ ჰუმანოიდ რობოტებს წარმოვიდგენთ, პირველივე გაფიქრებაზე თავში ბევრს რკინის კაცი მოსდის. ჰუმანოიდი რობოტების ფრენის იდეით იტალიის Instituto Italiano di Tecnologia-ს მკლევრებიც მოიხიბლნენ და გადაწყვიტეს, რომ მსგავსი საფრენი კოსტიუმი ბავშვის ზომის რობოტს, iCub-ს მოარგონ.

მეცნიერებს სჯერათ, რომ მსგავსი ტიპის მფრინავი ჰუმანოიდი რობოტები სამაშველო ჯგუფებს საქმეს გაუმარტივებენ. რობოტებს ისეთ ადგილებში შეღწევა შეუძლიათ, სადაც ადამიანი ფიზიკურად ან გარკვეული საფრთხეების არსებოის შემთხვევაში ვერ მოხვდებოდა.

iCub-ზე საფრენი კოსტიუმი სწორედ Iron Man-ის დიზაინით განლაგდება, ანუ ძრავები ხელისგულებთან იქნება, რაც რობოტს მიმართულებისა და სიმაღლის შეცვლის საშუალებას მარტივად მისცემს. ადგილზე მისულ iCUB-ს შეეძლება გააღოს კარი, დაკეტოს ან გახსნას სარქველები, დაზვეროს სტიქიის მიმდებარე ტერიტორია ზემოდან და იპოვოს გადარჩენილები.

"2004 წლის ინდოეთის ოკეანის მიწისძვრამ და ცუნამმა 230 000 ადამიანის სიცოცხლე 14 სხვადასხვა ქვეყანაში იმსხვერპლა. 140 000 ადამიანი დაშავდა და 1.74 მილიონი ადამიანი უსახლკაროდ დარჩდა. სამწუხაროდ, რობოტებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ასეთ სიტუაციებში ჩვენი დახმარება." — ვკითხულობთ Instituto Italiano di Tecnologia-ს საიტზე.

ამ სფეროს პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ის რობოტები, რომლებსაც კარის გაღება და ობიექტების გადაადგილება შეუძლიათ, არასკმარისად მობილურები არიან, ხოლო ისინი, რომლებიც დაზვერვისთვის ან სხვა დანიშნულებით გამოიყენება, ამ ფუნქციებს არ ფლობენ. მკლევრებს სურთ, რომ ჰუმანოიდ რობოტზე საფრენი კოსტიუმის დამაგრებით ეს პრობლემა გადაჭრან.

კვლევის ფარგლებში ისინი მუშაობენ ალგორიმებზე, რომლებიც რობოტს სიმაღლის კონტროლისა და ჰაერში თავისი პოზიციის განსაზღვრის საშუალებას მისცემს. მათ უკვე შეიმუშავეს სატესტო მოდელი იმ ტურბინებისა, რომლებიც რობოტის ხელისგულებთან უნდა განთავსდეს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ რობოტი 5 წლის ბავშვის ზომისაა და სულ რაღაც 33 კილოს იწონის, ორი ასეთი ძრავი მას საშუალებას მისცემს უსწრაფესად მივიდეს დანიშნულების წერტილთან, რაც ბუნებრივი კატასტროფების დროს ძალიან მნიშვნელოვანია.