დედას თავისი შვილისთვის ყოველთვის კარგი უნდაო, ამბობენ ხოლმე და ამის მიზეზიც აქვთ — დედები ხომ ხშირად საკუთარ პრობლემებსაც კი გვერდზე დებენ, რათა შვილებს სირთულეების გადალახვაში დაეხმარონ. სწორედ ასე გადაწყვიტა 61 წლის ბეთ დევისმაც, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი 2004 წელს დაუსვეს.

"ეს ჩემი მხოლოდ მცირე ნაწილია და საერთოდ არ განსაზღვრავს, თუ ვინ ვარ", — ამბობს ბეთი, რომელსაც ექიმებმა 2020 წლის ზაფხულში შეატყობინეს, რომ დაავადების მეოთხე სტადია აქვს, — "ვისაც სიმსივნის დიაგნოზი აქვს, 'ვადას' არ ვაწესებთ. უბრალოდ, ვცდილობთ, ცხოვრებისგან, რაც შეიძლება, მეტი მივიღოთ".

მეტის მიღებაში კი ბეთი თავისი 30 წლის შვილის, მოლის, დახმარებასაც გულისხმობს. დედამ მიზნად დაისახა, რომ გოგოს, რომელიც "მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი მარჯვენა ხელი იყო", შეყვარებულის პოვნაში დაეხმაროს.

ბეთი და მოლი

ფოტო: Molly Davis

"რა წამს იღვიძებს დილით, ცდილობს, სხვების ცხოვრება გაალამაზოს, ამიტომ, მის გვერდით ყოფნით ნებისმიერი ბედნიერი იქნებოდა", — აღნიშნავს ბეთი.

მოლიმ გაცნობის აპლიკაციითაც სცადა პარტნიორის პოვნა და როცა ანკეტა ატვირთა, მისმა ისტორიამ აპლიკაციის დირექტორის ყურადღებაც კი მიიპყრო. გოგომ თავდაპირველად იფიქრა, რომ ეხუმრებოდნენ, მაგრამ მოგვიანებით თავად დირექტორი დაელაპარაკა და მისი პროფილის ტაიმზ-სკვერის ბილბორდზე განთავსება შესთავაზა.

"ჩემი სამუშაოს ნაწილი ყოველდღიურად ათასობით პროფილის დათვალიერებაცაა და როცა მოლის ანკეტა თვალში მომხვდა, გადავწყვიტე, თავადვე დავხმარებოდი", — ამბობს აპლიკაციის დირექტორი, ტინა უილსონი.

მოლი საკუთარი ბილბორდის წინ.

საბოლოოდ, მოლის აპლიკაცია ნიუ-იორკის ცენტრალური უბნის ბილბორდზე ზუსტად ახალი წლის წინა დღეს აღმოჩნდა. ბეთი და მოლი, რომლებიც ბოსტონში ცხოვრობენ, საგანგებოდ ამ რეკლამის სანახავად ჩავიდნენ ტაიმზ-სკვერზე.

"შეხვდი ჩემს შვილს" — ბილბორდი, რომელიც ოლივია როდრიგოს რეკლამის გვერდითაა მოთავსებული, ათასობით ადამიანმა იხილა, როცა 2021 წლის უკანასკნელ წამებს ერთად ითვლიდნენ და გიგანტური ბურთის დაშვებას უყურებდნენ. ბეთის აზრით, თავისმა შვილმა ყურადღების მიპყრობა და ოლივიას გადაფარვაც კი შეძლო.

ახლა კი ისინი ელოდებიან, როდის გადაარჩევს აპლიკაციის ადმინისტრაცია ანკეტებს და გოგოს კანდიდატებს წარუდგენს.

ბეთის თქმით, ძალიან უნდა, თავისი შვილი დაოჯახებული ნახოს, თუმცა, მხოლოდ იმითაც ბედნიერი იქნება, თუკი მოლი ღირსეულ პარტნიორს იპოვის.