გაფრთხილება: სტატია Spider-Man: No Way Home-ის შესახებ სპოილერებს შეიცავს!

ენდრიუ გარფილდმა 2021 წელი იმის უარყოფაში გაატარა, რომ Spider-Man: No Way Home-ში ბრუნდებოდა. მათ, ვინც მარველის ახალი ფილმი ნახა, კარგად იციან, რომ მსახიობი მთელი წელი გვიღიმოდა და თვალებში ნაცარს გვაყრიდა. წინა წლისგან განსხვავებით, ენდრიუ გარფილდმა 2022 წელი სპაიდერმენის შესახებ ტკბილი მოგონებების გახსენებითა და იმის განცხადებით დაიწყო, რომ მზადაა, საყვარელი სუპერგმირის როლს დაუბრუნდეს.

ცოტა ხნის წინ მსახიობი გამოცემა Variety-ის სპაიდერმენის ახალი ფილმის შესახებ გაესაუბრა. ენდრიუს ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობდა სპაიდერმენის როლის ხელახლა მორგებაზე, რაზეც მსახიობმა უპასუხა, რომ ამისათვის მზად იყო:

"დიახ, შესაბამის სიტუაციაში ასეთი წინადადების მისაღებად მზად ვარ. პიტერი და სპაიდერმენი სხვებისათვის სამსახურის გაწევასთან, სიკეთის კეთებასთან ასოცირდებიან. ის საშუალო ფენის წარმომადგენელი ბიჭია, რომელმაც კარგად იცის, რას ნიშნავს გაჭირვება და დანაკარგი და ძალიან ემპათიურია. ვეცდებოდი, პიტერ პარკერის მორალურ ჩარჩოებში კიდევ ერთხელ დავბრუნებულიყავი, თუ მისი ისტორიის მოყოლის შესაძლებლობა მომეცემოდა და საკუთარ თავშიც დარწმუნებული ვიქნებოდი", — ამბობს ენდრიუ.

ენდრიუმ ისიც აღნიშნა, რომ ტობი მაგუაირთან ერთად ახალი ფილმის პრემიერაზე ჩუმად შეიპარა. მისი თქმით, გადასაღებ მოედანზე გართობის გარდა, სხვა მსახიობებთან პიტერ პარკერის პერსონაჟზე საუბრის შესაძლებლობაც მიეცა. ენდრიუმ ისიც აღნიშნა, რომ ფილმმა მის სპაიდერმენს სხვადასხვა საქმის დასრულებისა და კითხვებზე პასუხების პოვნის შესაძლებლობაც მისცა, რისთვისაც ძალიან მადლიერია.

ტობი მაგუაირისა და ტომ ჰოლანდისგან განსხვავებით, ენდრიუ გარფილდის The Amazing Spider-Man-ის ტრილოგია დაუსრულებელია. ერთი რამ, რაზეც ფანები Spider-Man: No Way Home-ის ნახვის შემდეგ ერთხმად თანხმდებიან ისაა, რომ ენდრიუ ფილმში ნამდვილად ბრწყინავდა. მისი გამოჩენით აღფრთოვანებული ფანების ნაწილი ენდრიუს მონაწილეობით The Amazing Spider-Man-ის მესამე ნაწილს ითხოვს, მეორე ნაწილს კი მისი ნახვა მარველის მომდევნო პროექტებში უნდა.

აშკარაა, რომ ახალი ფილმის გამოსვლის შემდეგ ენდრიუ გარფილდისა და მისი სპაიდერმენის მიმართ მაყურებლების სიყვარული გაორმაგდა. ვინ იცის, იქნებ მსახიობი მისი საყვარელი სუპერგმირის როლში მართლაც ვიხილოთ.

ამავე თემაზე: