ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭოზე შიდა და სტრუქტურული გადაადგილების შესახებ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. მისი თქმით, ისინი ენმ-ის ზოგად სტრატეგიასა და გაძლიერებაზე იმსჯელებენ.

"პირველ რიგში, ჩვენი პოლიტსაბჭოს მოწვევის და შეხვედრის დღევანდელი მიზანი არის პარტიის გაძლიერებაზე მუშაობა, ეს ერთი. რა თქმა უნდა, სტრატეგიული გეგმა, რომელიც უნდა იყოს ძალიან ზუსტად გაწერილი, თუ როგორი უნდა იყოს პარტიის სამოქმედო გეგმა სხვადასხვა მიმართულებით, ეს მეორე. მესამე, გიდასტურებთ, რომ იქნება გარკვეულწილად გადაადგილებები სტრუქტურის და პარტიის შიგნით, მაგრამ ამაზე პოლიტსაბჭოს შემდეგ უფრო კონკრეტულად შემიძლია, რომ განცხადება გავაკეთო, მას შემდეგ ჩემი კოლეგებიც დაადასტურებენ და გაიმართება კენჭისყრა", — განაცხადა მან პოლიტსაბჭოს დაწყებამდე.

პარტიაში ცვლილებებზე ისაუბრეს ზაალ უდუმაშვილმა და ნუგზარ წიკლაურმაც. წიკლაურის თქმით, შესაძლებელია, რომ სხვადასხვა ტიპის გადაწყობები იყოს პარტიაში. ზაალ უდუმაშვილის განცხადებით კი, დღეს პოლიტსაბჭოზე "შიდაპარტიულ გაძლიერებაზე" ისაუბრებენ. უდუმაშვილის არ ადასტურებს იქნება თუ არა საუბარი საკადრო გადაადგილებებზე.