დიდ დიღომში მოსახლეობა სტადიონის მშენებლობას ისევ აპროტესტებს. თავდადებულის ქუჩაზე ადგილობრივებმა აქცია გამართეს და ამბობენ, რომ მშენებლობის ნებართვა კანონდარღვევით არის გაცემული.

ადგილზე არიან მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებიც.

"ნებართვა რომ გაცემულია, ეს არის კანონდარღვევით იმიტომ, რომ მათ დაარღვიეს ხელშეკრულება დადებული ეკონომიკის სამინისტროსთან. მათ უნდა აეშენებინათ ეს 31 დეკემბრამდე, მაგრამ არ ააშენეს, რადგან არჩევნები იყო. არჩევნების დროს არ უნდოდათ ხალხთან დაპირისპირება. ახლა ყველაფერი გაინაღდეს და კანონდარღვევით, ისე, რომ მთავრობისგან ნებართვა არ მიუღიათ მშენებლობის გაგრძელებისა, ისე მიიღეს თვითონ დადგენილება და ისე გადაწყვიტეს, რომ უნდა დაიწყონ მშენებლობა", — ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

დემეტრე თავდადებულის ქუჩის 14 ნომერთან მოსახლეობა სტადიონის მშენებლობას აპროტესტებს, რადგან საფეხბურთო მოედნის ნაცვლად ისინი სარეკრეაციო სივრცის მოწყობას ითხოვენ. სამუშაოების დასაწყებად დღეს ადგილზე ტექნიკა შემოიყვანეს, რასაც მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა.

ადგილზე სტადიონს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აშენებს. მათი განცხადებით, დემეტრე თავდადებულის 14-ის მიმდებარე ტერიტორია სფფ-ს სახელმწიფოსგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადმოეცა.

ფედერაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ადგილზე დაგეგმილია ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედნის მშენებლობა, განათებით, ტრიბუნით და ადმინისტრაციული შენობით.