ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს მიერ მთვარეზე გაშვებულმა აპარატმა, რომელიც Chang'e 5-ის სახელითაა ცნობილი, დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე წყლის კვალს მიაგნო. ამის შესახებ მეცნიერები გამოცემაში Science Advances გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.

ეს ციური სხეული დიდი ხნის განმავლობაში მშრალ ადგილად მიიჩნეოდა, თუმცა იქ წყლის არსებობა 10 წელზე მეტია, რაც დადასტურდა. ამას ორბიტიდან წარმოებულმა დისტანციურმა გამოკვლევებმა შეუწყო ხელი, მაგრამ ახლა ჩინურმა ხომალდმა ამ ნაერთის მოლეკულები პირდაპირ გრუნტისა და ქვების შესწავლის გზით, ერთგვარი საველე სამუშაოს შედეგად დააფიქსირა. სპეციალისტები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ საქმე ჰიდროქსილთან ((OH)) გვქონდეს.

მისიის ფარგლებში ჩვენი პლანეტის თანამგზავრის ზედაპირიდან აღებული ნიმუშები 2020 წელს მივიღეთ. მას შემდეგ, Chang'e 5 მთვარის რეგოლითის ქიმიურ შემადგენლობას მინერალოგიური სპექტრომეტრისა და სხვა ხელსაწყოების მეშვეობით აანალიზებდა.

ფოტო: Xinhua

მან დაადგინა, რომ იმ არეალში, სადაც ხომალდი დაეშვა, თითო ტონა გრუნტში წყლის კონცენტრაცია დაახლოებით 120 გრამია, ქვებში კი უფრო მეტი. ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ მსგავსი კლდოვანი წარმონაქმნები სიღრმეში ფორმირდება, სადაც, სავარაუდოდ, წყლის დამატებითი წყარო მდებარეობს.

ზოგადად კი ფიქრობენ, რომ მთვარეზე H2O-ის გაჩენა მზის ქარმა განაპირობა, რომელიც იქ წყალბადის ატომებს მიუძღვებოდა. ხოლო ეს უკანასკნელი ჟანგბადთან შევიდა რეაქციაში.

ჩინეთი ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე 2024 წლიდან კიდევ 2 მისიის განხორციელებას გეგმავს, ესენია Chang’e 6 და Chang’e 7. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ახალი აპარატები ზემოხსენებული საკითხის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებაში დაგვეხმარება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.