პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ჩვენს მოძმე ყაზახეთსა და ყაზახ ხალხს" კრიზისის შედეგების დაძლევას და განვითარების მიმართულებით სვლას უსურვებს. პრემიერმინისტრი იმედოვნებს, რომ ყაზახეთში დეესკალაციისა და სტაბილურობისთვის უმოკლეს დროში ყველა ზომა იქნება მიღებული.

"მინდა გამოვეხმაურო ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს. ძალიან განვიცდით ტრაგიკულ მოვლენებს, რომელიც ყაზახეთში განვითარდა, რომელთა შედეგად დაიღუპა ათობით ადამიანი. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა ზომა იქნება მიღებული უმოკლეს ვადებში ვითარების საბოლოო დეესკალაციის, უსაფრთხოების და სტაბილურობის მიღწევის მიზნით. გვსურს, რომ ქვეყანამ ძალიან მალე შეძლოს კრიზისის შედეგების დაძლევა და ვუსურვებთ, სვლის გაგრძელებას შემდგომი განვითარების მიმართულებით ჩვენს მოძმე ყაზახეთსა და ყაზახ ხალხს", — განაცხადა მან მთავრობის სხდომაზე.

ყაზახეთში დაძაბულობაა. საწვავის ფასის ზრდის გამო 4 იანვარს დაწყებული მასობრივი აქციების შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა გადადგა, თუმცა დაპირისპირება არ შეწყვეტილა. მოქალაქეები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

დემონსტრანტებმა აიღეს ალტანის აეროპორტი და ჩამოაგდეს ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი. მოგვიანებით, აეროპორტზე კონტროლი სამთავრობო ძალებმა აიღო. მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშული იყო, როგორც მობილური, ასევე ხაზის ინტერნეტი და დაბლოკილია რამდენიმე აპლიკაცია. ინტერნეტი ქალაქების ნაწილში აღდგა.

მოქმედმა პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა დემონსტრანტებს ხულიგნები უწოდა, ძალადობასა და მაღაზიების ძარცვაში დაადანაშაულა. "სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვისა და ძალოვანი სტრუქტურების დახმარების" მიზეზით ტოყაევმა მხარდაჭერა კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას, იგივე ОДКБ-ს სთხოვა. ქვეყნის ტერიტორიაზე შევიდნენ რუსული ჯარებიც, მათ შორის, BBC-ის ინფორმაციით, რუსეთმა ყაზახეთში 45-ე საჰაერო სადესანტო სპეცდანიშნულების ბრიგადა გაგზავნა, რომელიც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა.

7 იანვარს ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში "ანტიტერორისტული" ოპერაცია მიმდინარეობს, რომელიც "ბოევიკების სრულ განადგურებამდე" გაგრძელდება. მისივე თქმით, სამართალდამცავებს და არმიას მისცა ბრძანება, რომ ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გახსნან.