აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნებისთვის — საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის საფრთხისშემცველ ქმედებებზე ისაუბრა. ბლინკენის თქმით, რუსეთმა უკრაინის მიმართ არსებული საფრთხისშემცველი პოზიციებიდან უკან უნდა დაიხიოს.

"ძნელია რეალური პროგრესის დანახვა ესკალაციის პირობებში, როდესაც უკრაინისკენ იარაღია მიმართული. ასე რომ, თუ ჩვენ რეალურად ვაპირებთ პროგრესს, უნდა დავინახოთ დეესკალაცია. რუსეთმა უკან უნდა დაიხიოს იმ საფრთხისშემცველი პოზიციებიდან, რომელსაც ამჟამად უკრაინას უქმნის. [...]

უპირველეს ყოვლისა, რატომ ვართ აქ? რადგან ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთმა არაერთხელ განახორციელა აგრესიული ქმედებები მეზობლების — საქართველოს, მოლდოვისა და 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ. ახლა უკრაინის მიმართ საფრთხე განახლებულია", — ამბობს ის CNN-თან ინტერვიუში.

ბლინკენის განცხადებით, რუსეთისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ამერიკა და მისი საერთაშორისო პარტნიორები აგრესიას არ შეეგუებიან. მისი თქმით, არსებობს პრინციპები, რომლებიც ეხება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძვლებს.