ყაზახეთიდან საქართველოს მოქალაქეების ნაწილი დაბრუნდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქტაუს რეისით — 12, ატირაუს რეისით — 64, ხოლო ნურ-სულთანით საქართველოს 3 მოქალაქე დაბრუნდა ქვეყანაში. უწყებაში მოქალაქეთა ზუსტი რიცხვი ვერ გვითხრეს, თუმცა On.ge ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს.

ამასთან, როგორც აეროპორტების გაერთიანებაში On.ge-ის განუცხადეს, დღეს ყაზახეთის მიმართულებით ყველა გეგმიური რეისი შესრულდა და სამინისტრო მიერ გამოყოფილი რეისიც განხორციელდა. მათი თქმით, ფრენა მხოლოდ ალმათის მიმართულებით ვერ ხერხდება, რადგან ეს ქალაქი კონფლიქტის ცენტრია.

ყაზახეთში კვლავ დაძაბულობაა. საწვავის ფასის ზრდის გამო 4 იანვარს დაწყებული მასობრივი აქციების შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა გადადგა, თუმცა დაპირისპირება არ შეწყვეტილა. მოქალაქეები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

დემონსტრანტებმა აიღეს ალტანის აეროპორტი და ჩამოაგდეს ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი. მოგვიანებით, აეროპორტზე კონტროლი სამთავრობო ძალებმა აიღო. მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშული იყო, როგორც მობილური, ასევე ხაზის ინტერნეტი და დაბლოკილია რამდენიმე აპლიკაცია. ინტერნეტი ქალაქების ნაწილში აღდგა.

მოქმედმა პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა დემონსტრანტებს ხულიგნები უწოდა, ძალადობასა და მაღაზიების ძარცვაში დაადანაშაულა. "სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვისა და ძალოვანი სტრუქტურების დახმარების" მიზეზით ტოყაევმა მხარდაჭერა კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას, იგივე ОДКБ-ს სთხოვა. ქვეყნის ტერიტორიაზე შევიდნენ რუსული ჯარებიც, მათ შორის, BBC-ის ინფორმაციით, რუსეთმა ყაზახეთში 45-ე საჰაერო სადესანტო სპეცდანიშნულების ბრიგადა გაგზავნა, რომელიც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა.

7 იანვარს ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში "ანტიტერორისტული" ოპერაცია მიმდინარეობს, რომელიც "ბოევიკების სრულ განადგურებამდე" გაგრძელდება. მისივე თქმით, სამართალდამცავებს და არმიას მისცა ბრძანება, რომ ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გახსნან.