ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელი ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებაში დახმარებას სთავაზობს. ბორელის თქმით, ევროკავშირი ყაზახეთში საპროტესტო აქციებისას განვითარებული ძალადობის გამო შეშფოთებულია.

"ღრმად ვწუხვართ დაღუპულთა გამო და მკაცრად ვგმობთ ძალადობის ფართოდ გავრცელებულ აქტებს. მნიშვნელოვანია შემდგომი ესკალაციებისა და ძალადობის წახალისების თავიდან აცილება, თავშეკავება და არეულობის სხვა მიზნებისთვის გამოყენება.

მზად ვართ კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისთვის დახმარება გავუწიოთ ყაზახეთს. გარე სამხედრო მხარდაჭერამ პატივი უნდა სცეს ყაზახეთის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ისევე როგორც ყველა მოქალაქის ფუნდამენტურ უფლებებს.

მოვუწოდებთ ყაზახეთის ხელისუფლებას, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები ამ რთულ დროს, მათ შორის, პატივი სცენ ადამიანის უფლებებისა და მათი მოქალაქეების ფუნდამენტურ თავისუფლებებს, კერძოდ, შეკრების, გამოხატვის და მედიის თავისუფლებას", — ვკითხულობთ განცხადებაში.

ყაზახეთში კვლავ დაძაბულობაა. საწვავის ფასის ზრდის გამო 4 იანვარს დაწყებული მასობრივი აქციების შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა გადადგა, თუმცა დაპირისპირება არ შეწყვეტილა. მოქალაქეები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

დემონსტრანტებმა აიღეს ალტანის აეროპორტი და ჩამოაგდეს ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი. მოგვიანებით, აეროპორტზე კონტროლი სამთავრობო ძალებმა აიღო. მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშული იყო, როგორც მობილური, ასევე ხაზის ინტერნეტი და დაბლოკილია რამდენიმე აპლიკაცია. ინტერნეტი ქალაქების ნაწილში აღდგა.

მოქმედმა პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა დემონსტრანტებს ხულიგნები უწოდა, ძალადობასა და მაღაზიების ძარცვაში დაადანაშაულა. "სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვისა და ძალოვანი სტრუქტურების დახმარების" მიზეზით ტოყაევმა მხარდაჭერა კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას, იგივე ОДКБ-ს სთხოვა. ქვეყნის ტერიტორიაზე შევიდნენ რუსული ჯარებიც, მათ შორის, BBC-ის ინფორმაციით, რუსეთმა ყაზახეთში 45-ე საჰაერო სადესანტო სპეცდანიშნულების ბრიგადა გაგზავნა, რომელიც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა.

7 იანვარს ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში "ანტიტერორისტული" ოპერაცია მიმდინარეობს, რომელიც "ბოევიკების სრულ განადგურებამდე" გაგრძელდება. მისივე თქმით, სამართალდამცავებს და არმიას მისცა ბრძანება, რომ ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გახსნან.