დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშივლი აცხადებს, რომ ეგონა, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი თავის სიტყვას შეასრულებდა და პარლამენტში არ შევიდოდა. ასე ეხმაურება ის ნათელაშვილის განცხადებას, რომ "პარტიაში მიდის მსჯელობა, ხომ არ შევიდეთ და იქ ის კომფორტი დავურღვიოთ და ავაწიოკოთ".

"მე იმედი მქონდა, რომ ის არ მოიქცეოდა ჩვეულებრივი პოლიტიკოსივით და რასაც იტყოდა იმას შეასრულებდა, მაგრამ როგორც ჩანს, როგორც მოსულა პოლიტიკაში, ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ და ასე ხდება. რაც შეეხება აწიოკებას, თაკო ჩარკვიანმა ხო ააწიოკა ისედაც პარლამენტი და ახლა შალვა ნათელაშვილიც დაემატება და აშკარად სამუშაო გარემო გვექნება", — განაცხადა რაქვიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის გაზაფხულზე რაქვიაშვილმა და მისმა თანაპარტიელმა, იაგო ხვიჩიამ ნიძლავი დადეს შალვა ნათელაშვილისა და თაკო ჩარკვიანის პარლამენტში შესვლაზე.

"მე და სანდრო რაქვიაშვილს ნიძლავი გვაქვს დადებული, რომ თაკო ჩარკვიანი შევა პარლამენტში ვამბობ მე, სახინკლეზე. სანდრო რაქვიაშვილი ფიქრობს, რომ არ შევა. ასევე, ბატონ შალვა ნათელაშვილზე. მე, ზოგადად, მგონია, რომ ესენი ყველა შევლენ", — აცხადებდა მაშინ ხვიჩია.

ნიძლავის დადებიდან დაახლოებით ორ თვეში თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა. დაახლოებით 9 თვის შემდეგ კი შალვა ნათელაშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ თუ პარტია მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ის პარლამენტში შევა.