ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში "ანტიტერორისტული" ოპერაცია მიმდინარეობს, რომელიც გაგრძელდება "ბოევიკების სრულ განადგურებამდე". ამის შესახებ მან დღეს უსაფრთხოების სამსახურისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრისას თქვა.

"ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. სამართალდამავი ძალები ინტენსიურად მუშაობენ. კონსტიტუციური წესრიგი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში ძირითადად აღდგენილია. ადგილობრიი უწყებები სიტუაციას აკონტროლებენ, მაგრამ ტერორისტები კვლვ იყენებენ იარაღს და აზიანებენ მოქალაქეთა საკუთრებას. სწორედ ამიტომ, კონტრტერორისტული მოქმედებები უნდა გაგრძელდეს ბოევიკების სრულ განადგურებამდე", — განაცხადა ტოყაევმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეზიდენციაში გამართული შეხვედრისას ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის (ОДКБ) დანაყოფები ქვეყანაში განსაზღვრული დროით, "წესრიგის აღსაღდგენად" ჩავიდნენ. მათივე განცხადებით, ОДКБ ქვეყანაში მხოლოდ ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოებაზე იზრუნებს.

ყაზახეთში კვლავ დაძაბულობაა. საწვავის ფასის ზრდის გამო 4 იანვარს დაწყებული მასობრივი აქციების შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა გადადგა, თუმცა დაპირისპირება არ შეწყვეტილა. მოქალაქეები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

დემონსტრანტებმა აიღეს ალტანის აეროპორტი და ჩამოაგდეს ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი. მოგვიანებით, აეროპორტზე კონტროლი სამთავრობო ძალებმა აიღო. მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშული იყო, როგორც მობილური, ასევე ხაზის ინტერნეტი და დაბლოკილია რამდენიმე აპლიკაცია. ინტერნეტი ქალაქების ნაწილში აღდგა.

მოქმედმა პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა დემონსტრანტებს ხულიგნები უწოდა, ძალადობასა და მაღაზიების ძარცვაში დაადანაშაულა. "სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვისა და ძალოვანი სტრუქტურების დახმარების" მიზეზით ტოყაევმა მხარდაჭერა კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას, იგივე ОДКБ-ს სთხოვა. ქვეყნის ტერიტორიაზე შევიდნენ რუსული ჯარებიც, მათ შორის, BBC-ის ინფორმაციით, რუსეთმა ყაზახეთში 45-ე საჰაერო სადესანტო სპეცდანიშნულების ბრიგადა გაგზავნა, რომელიც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა.