ყაზახეთში განვითარებულ მოვლენების შედეგად გარდაცვლილი დემონსტრანტების რიცხვი მინიმუმ 26-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას The washington post ადგილობრივ მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გარდაცვლილია უსაფრთხოების ძალების 18 წარმომადგენელიც. რაც შეეხება დაკავებულებს, მათი რიცხვი ამ დროისთვის 3 000-მდეა.

7 იანვარს, დილიდან დაიწყო სროლა ქალაქ ალმათში. კადრები Telegram-ზე ვრცელდება, თუმცა გაურკვეველია ვინ ვის ესვრის და კონკრეტულად სად ხდება მოქმედება.

ყაზახეთში დაძაბულობაა. საწვავის ფასის ზრდის გამო დაწყებული მასობრივი აქციების შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა გადადგა, თუმცა არ შეწყვეტილა დაპირისპირება. ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

რატომ დაიწყო პროტესტი

4 იანვარს საწვავის ფასების მატების გამო ყაზახეთში მასშტაბური პროტესტი დაიწყო, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სპეციალური შუშხუნები გამოიყენეს, თუმცა პროტესტი არ შეწყდა. პრეზიდენტმა ალმათსა და მანგისთაუს რაიონში, სადაც არეულობა იყო, 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მთავრობა გადადგა. ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა.

დემონსტრანტები შეიჭრნენ ქალაქ ალმათის ადმინისტრაციულ შენობაში, საიდანაც სროლისა და აფეთქების ხმა ისმოდა, გავრცელდა ხანძრის კადრებიც. დაკავებულია რამდენიმე ასეული მოქალაქე და დაშავებულია ასეულობით პოლიციელი. დაშავებული დემონსტრანტების რაოდენობაზე კი ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. პრეზიდენტის განცხადებით, ჯარისკაცებსა და პოლიციელებში არის მსხვერპლი.

დემონსტრანტებმა აიღეს ალტანის აეროპორტი და ჩამოაგდეს ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი. მოგვიანებით, აეროპორტზე კონტროლი სამთავრობო ძალებმა აიღო. მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშული იყო, როგორც მობილური, ასევე ხაზის ინტერნეტი და დაბლოკილია რამდენიმე აპლიკაცია. ინტერნეტი ქალაქების ნაწილში აღდგა.

საგანგებო რეჟიმი, რომელიც დედაქალაქსა და რამდენიმე ქალაქში იყო გამოცხადებული, მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ყაზახეთში აიკრძალა მასობრივი შეკრებები და დილის 7 საათამდე კომენდანტის საათი დაწესდა.

მოქმედმა პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა დემონსტრანტებს ხულიგნები უწოდა, ძალადობასა და მაღაზიების ძარცვაში დაადანაშაულა. ტოყაევის აზრით, პროტესტის მონაწილეების ქმედებებით ცხადია, რომ ეს შეთქმულების კარგად მომზადებული გეგმაა, რომლის უკანაც ფინანსური მოტივია. მანვე აღნიშნა, რომ როგორც სახელმწიფოს მმართველი და "დღეიდან უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი", აპირებს, იმოქმედოს მაქსიმალურად მკაცრად. ეს ნიშნავს, რომ ამ თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი აღარ იქნება.

5 იანვარს, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია, იგივე ОДКБ ყაზახეთში ჯარებს გაგზავნის. ფაშინიანი ამ საბჭოს თავმჯდომარეა, მისი სხვა წევრები კი რუსეთის, ბელარუსის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის და ყაზახეთის ლიდერები არიან. კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის მოწინავე შენაერთების ნაწილმა დავალებების შესრულება ყაზახეთში უკვე დაიწყო. ОДКБ-ის ძალები სახელმწიფო ინსტიტუტებს დაიცავენ და ძალოვან სტრუქტურებს დახმარებას გაუწევენ.

6 იანვარს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის (ОДКБ) რუსული დანაყოფების ნაწილი ყაზახეთში ჩავიდა.