UNESCO-მ TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა. მასალაში მითითებულია, რომ ლაშქარავა საქართველოში 2021 წლის 5 ივლისს მოკლეს. როგორც UNESCO წერს, ის 5 ივლისს, თბილისში, ლგბტ აქტივისტებზე თავდასხმის დროს, ღირსების მარშის გაუქმების შემდეგ, მძიმედ დაშავდა და 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიების გამჭვირვალობა და ყოვლისმომცველობა. ჟურნალისტებს ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ თავიანთი სამუშაოს შესრულება. ეს მოვლენები სხებისთვის საფრთხის შემცველი გზავნილია და დაუსჯელი არ უნდა დარჩეს", — აცხადებს UNESCO-ს გენერალური დირექტორი, ოდრი აზულაი.

ფოტო: სქრინი/UNESCO

UNESCO-ს ინფორმაციით, 1993 წლის შემდეგ მოკლულია 1490 ჟურნალისტი. ამ სიაში 4 ქართველი ჟურნალისტია — ლექსო ლაშქარავა, ალექსანდრე კლიმჩუკი, გრიგორ ჩიხლაძე და გიორგი სანაია.

2021 წლის 5 ივლისს თბილისში, პრაიდის კვირეულის ფინალური ღონისძიება, ღირსების მარში უნდა გამართულიყო. თუმცა, საპატრიარქოს ჰომოფობიური მოწოდებებით, ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებული კონტრაქციის, ხელისუფლების უმოქმედობისა და ძალადობის წახალისების გამო ღირსების მარში ვერ შედგა. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ჰომოფობიურად განწყობილი ძალადობრივი ჯუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს. თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. ძალადობრივი ჯგუფები შეიჭრნენ თბილისი პრაიდის ოფისში და დაარბიეს. ასევე, სცადეს სირცხვილიას ოფისში შეჭრა და სწორედ იქ გაუსწორდნენ ფიზიკურად ლექსო ლაშქარავას, რომელიც ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ის ძალადობიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

ხელისუფლება ცდილობს ლაშქარავას გარდაცვალება ნარკოტიკების ზედოზირებას დაუკავშიროს. ლაშქარავას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი გადაადგილების კადრები გაავრცელა და ეს საზოგადოებრივი ინტერესით ახსნეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა კი კადრების გასაჯაროების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 000 ლარი, ხოლო სამედიცინო დაწესებულება 500 ლარით დაჯარიმდა. ინსპექტორის განცხადებით, ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას არ ჰქონდა კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზანი.

დაწყებულია გამოძიება, თუმცა ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა და არ დასრულებულა გამოძიებაც. ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები დღემდე დაუსჯელები არიან.