კახეთში კაცმა ყოფილი ცოლის მამა, 63 წლის კაცი ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილის ცოლი ამბობს, რომ ბრალდებული სახლში ჩუმად შეიპარა და დაშავებულს ჭრილობა კისრის არეში ხანჯლით მიაყენა. მისივე თქმით, წარსულში ყოფილ სიძეს მის ქმართან და შვილთან კონფლიქტი ჰქონდა.

"პირუჩუმრად შემოიპარა, შემოხსნა კარები, მე ვიჯექი "კრესლოში", ჩემი მეუღლე დივანზე იწვა, ვუყურებდით ტელევიზორს, ბავშვები იწვნენ თავიანთ ოთახებში, საწოლში, არ ეძინათ. გახსნა ქურთუკის ღილები, ამოიღო დიდი ხანჯალი და პირდაპირ დაარტყა [კისრის არეში], თვითონ ვეღარ ამოაძრო, ალბათ, მეც იქ ვიჯექი, შეიძლებოდა ჩემთვისაც დაერტყა, არ ვიცი [...] აქ არ ვუშვებდით, იმიტომ, რომ სიტყვიერი, ისეთი შეურაცხყოფები აქვს მიყენებული ჩემს მეუღლეზე და ჩემს შვილზე, არცერთი ახალგაზრდა კაცი იმას არ აპატიებდა იმ სიტყვებს", — თქვა მან რუსთავი 2-თან.

დაჭრილი გურჯაანის კლინიკაში, ნიუჰოსპიტალშია გადაყვანილი. ექიმის განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათივე ცნობით, ბრალდებული უკვე დაკავებულია.