დეპუტატი სტრატეგია აღმაშენებლიდან, თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ არ ემხრობა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, ე.წ. შავი სიების შექმნის შესახებ. ის ამბობს, რომ ქართული ოცნების "ჯიბეში ჩადებულ" სასამართლოს საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით უნდა ებრძოლონ.

"არ ვემხრობი რაიმე ტიპის შავი სიების დადგენას. ქვეყანაში უნდა იყოს კანონი, რომელიც უნდა იყოს უზენაესი და ის, რომ ქართულმა ოცნებამ ჯიბეში ჩაიდო სასამართლო, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ და უნდა ვეცადოთ, მათ შორის საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით, არ აცდეს კანონს ის ყველაფერი, რაც უნდა იყოს უზენაესი", — განაცხადა აქუბარდიამ.

მიხეილ სააკაშვილი ადამიანის უფლებათა დამრღვევთათვის და კორუფციონერებისთვის ე.წ. შავის სიის შექმნის იდეით გამოდის. ექსპრეზიდენტი საზოგადოებას იურისტთა ჯგუფის შექმნას სთავაზობს, რომელიც, მისი თქმით, დანაშაულის შემადგენლობას გამოიკვლევს, მტკიცებულებებს შეაგროვებს და საჯაროდ გამოაქვეყნებს.

მისივე ინიციატივის მიხედვით, ე.წ შავს სიაში მოხვედრილი ადამიანებისთვის საელჩოებმა ვიზები არ უნდა გასცენ და მათთვის პერსონალური სანქციები უნდა დააწესონ. სააკაშვილი ფიქრობს, რომ ამ იდეით მათ დასავლეთის საელჩოებს უნდა მიმართონ.

სააკაშვილის აზრით, იმ მოსამართლეებს, პროკურორებსა თუ თანამდებობის პირებს, ვინც უსამართლობა ჩაიდინა, მოქალაქეები ქუჩაში უნდა სცნობდნენ და "შესაბამისი რეაგირება ჰქონდეთ". ამასთან ექსპრეზიდენტი დასძენს, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური საიტი, სადაც მათი საბრალდებლო დასკვნა დაიწერება.