საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შენობის პროექტის მომსახურებაზე 7 აპრილს ტენდერი გამოაცხადა. მომსახურების სავარაუდო ღირებულება 80 ათასი ლარია.

მაუწყებლისთვის ახალი შენობის აშენების შესახებ არხის დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ 7 მარტს განაცხადა. თუმცა, როგორც 7 აპრილს გამოცხადებული ტენდერით ირკვევა, იგეგმება მაუწყებლის მესამე კორპუსის რეკონსტრუქცია და მასთან ახალი ნიუსრუმის აშენება. ტენდერი კი, ამ პროექტთან დაკავშირებული კონსულტაციების მისაღებად ცხადდება. მომსახურება სამ ეტაპად უნდა განხორციელდეს.

პირველ ეტაპზე, გათვალისწინებულია: შემსყიდველისთვის რჩევა-რეკომენდაციების გაწევა; პროექტის მიმდინარეობის დეტალური დაგეგმვა; პროექტის გეგმა-გრაფიკის მომზადება; შემსყიდველის მოთხოვნების დეტალური შესწავლა, გაანალიზება და საკონკურსო დოკუმენტაციის შედგენა.

მეორე ეტაპზე, გამარჯვებულმა კომპანიამ კონკურსში მონაწილე პრეტენდენტების მიერ წარდგენილი საპროექტო დოკუმენტების საკონკურსო დოკუმენტაციის ტექნიკურ მოთხოვნებთან და კანონმდებლობასთან თავსებადობა უნდა შეაფასოს. გარდა ამისა, მისივე ვალდებულებაა კონკურსში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე ტექნიკურ ნაწილის დამუშავება.

ბოლო, მესამე ეტაპზე კი, საპროექტო კონკურსში გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების კონტროლი.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებს განაცხადების წარდგენა 18-დან 20 აპრილის 12 საათის ჩათვლით შეუძლიათ.