ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ე.წ. შავი სიების შესახებ კომიკურს უწოდებს. მისი თქმით, არ გამორიცხავს, რომ ექსპრეზიდენტმა ამ სიაში ის თანაგუნდელებიც შეიყვანოს, ვისზეც ფიქრობს, რომ არასაკმარისად გააპროტესტა მისი დაკავება.

"მიხეილ სააკაშვილი დავით აღმაშენებელს ადარებს ხოლმე თავს და სინამდვილეში ბერიასავით იქცევა. შავი სიების წერა, ცხადია, კომიკურია, მაგრამ ამასთან, აჩვენებს იმ ძალადობრივ ბუნებას, რომელიც მას გააჩნია და მე არ გამოვრიცხავ, რომ საბოლოოდ, ამ შავ სიაში მან არა მხოლოდ ამ ქვეყნის პატრიოტები და კეთილსინდისიერი მოხელეები, არამედ საკუთარი თანაგუნდელებიც კი შეიყვანოს, ვისზეც მიაჩნია, რომ არასაკმარისად გააპროტესტეს მისი დაკავება", — განაცხადა იონათამიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ადამიანის უფლებათა დამრღვევთათვის და კორუფციონერებისთვის ე.წ. შავის სიის შექმნის იდეით გამოდის. ექსპრეზიდენტი საზოგადოებას იურისტთა ჯგუფის შექმნას სთავაზობს, რომელიც, მისი თქმით, დანაშაულის შემადგენლობას გამოიკვლევს, მტკიცებულებებს შეაგროვებს და საჯაროდ გამოაქვეყნებს.

მისივე ინიციატივის მიხედვით, ე.წ შავს სიაში მოხვედრილი ადამიანებისთვის საელჩოებმა ვიზები არ უნდა გასცენ და მათთვის პერსონალური სანქციები უნდა დააწესონ. სააკაშვილი ფიქრობს, რომ ამ იდეით მათ დასავლეთის საელჩოებს უნდა მიმართონ.

სააკაშვილის აზრით, იმ მოსამართლეებს, პროკურორებსა თუ თანამდებობის პირებს, ვინც უსამართლობა ჩაიდინა, მოქალაქეები ქუჩაში უნდა სცნობდნენ და "შესაბამისი რეაგირება ჰქონდეთ". ამასთან ექსპრეზიდენტი დასძენს, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური საიტი, სადაც მათი საბრალდებლო დასკვნა დაიწერება.