ჰარი პოტერის პირველი ფილმის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად პირველ იანვარს საიუბილეო გადაცემის, ჰოგვორტსში დაბრუნების პრემიერა შედგა. გადაცემაში ფილმების რეჟისორებმა და მსახიობებმა კადრს მიღმა ისტორიები და ჰარი პოტერთან დაკავშირებული მოგონებები გაიხსენეს. ემოციურ, სახალისო და საინტერესო ამბებთან ერთად, გადაცემა არც შეცდომების ნაკლებობას უჩიოდა.

გადაცემის ერთ-ერთი მონაკვეთი მსახიობების ბავშვობის გახსენებას ეთმობოდა, რომლის დროსაც მათი ძველი ფოტოებიც გვიჩვენეს. ფანებმა შენიშნეს, რომ ემა უოტსონის ფოტოს ნაცვლად, შემქმნელებმა ემა რობერტსის ფოტო გამოიყენეს. აღნიშნული ფოტო ემა რობერტსს საკუთარ ინსტაგრამზეც კი უდევს.

ემა უოტსონი ჰარი პოტერის ფილმებში ჰერმიონის როლს ასრულებს, რობერტს კი ამ სამყაროსთან კავშირი არ აქვს და მას ისეთ სერიალებში შესრულებული როლებით უფრო ვიცნობთ, როგორებიცაა American Horror Story და Scream Queens.

შეცდომამ გადაცემის შემქმნელებთან ერთად, ორივე ემას ყურამდეც მიაღწია. ემა უოტსონმა ფოტოს დადება და შეცდომაზე ხუმრობა გადაწყვიტა:

"მე ასეთი საყვარელი ნამდვილად არ ვიყავი", — ასე დაასათაურა უოტსონმა ფოტო.

ემა რობერტსმა უოტსონს ინსტაგრამის სთორიში უპასუხა: "ჰაჰა, მაგის არ მჯერა!"

როგორც ჩანს, კრისების (კრის ჰემსვორტი, კრის პრატი, კრის ევანსი...) გარდა, არც ორი ემას გარჩევა ყოფილა ადვილი!

ამავე თემაზე: