მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაყვანამდე ექსპრეზიდენტს მკურნალობის კურსი არ ჰქონდა დასრულებული. თუთბერიძის ინფორმაციით, სააკაშვილი ამ დრომდე არ შეუძლია სრულფასოვანი კვება.

"გორის ჰოსპიტალში არ იყო დასრულებული და ზოგიერთ შემთხვევაში, დაწყებულიც კი ის კურსები რეაბილიტაციისა, რომელიც კონსილიუმმა დაუნიშნა. ის ჰოსპიტალიდან წამოიყვანეს ისე, რომ ამ მკურნალობის კურსს არ გადიოდა და არ გაუვლია. შესაბამისად, მას, ბუნებრივია, ვერ გაეწევა მკურნალობა რუსთავის დაწესებულებაში.

არ არის დასრულებული კვებითი პროცესის აღდგენის კურსი, ანუ, რეალურად, სრულფასოვანი კვება მისთვის ჯერაც შეუძლებელია. ის არის წონაში უფრო ნაკლები, ვიდრე იყო გორის ჰოსპიტალში გადაყვანის დროს", — განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

აღსანიშნავია, რომ სწორედ დღეს იწურება ულტიმატუმის ვადა, რომელიც სააკაშვილმა სამი დღის წინ წამოაყენა. 3 იანვარს, თუთბერიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ადვოკატებთან კომუნიკაციის კონფიდენციალობასა და ექიმების დაშვებას ითხოვს. ადვოკატის ცნობით, თუ 6 იანვრამდე ამ პრობლემებს არ აღმოფხვრიან, სააკაშვილი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს, თუმცა არ დაუკონკრეტებია — რას.

მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში 29 დეკემებრს გადაიყვანეს.

გაიგე მეტი: