ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც ზოგი ჩვენგანი ავტომობილს ორბორბლიან ტრანსპორტს ამჯობინებს. ზოგი სამსახურის, ზოგი ბიუჯეტის და ზოგიც სიამოვნების გამო ირჩევს სკუტერს, მოპედსა თუ მოტოციკლეტს. მე, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არცერთ ზემოხსენებულ კატეგორიას არ განვეკუთვნები. ჩემი გამოცდილება ერთი დიდი შემთხვევითობის ბრალია და არაფერი სხვის: როდესაც მანქანის საყიდლად წასულს, უკვე შეთანხმებული, მოლაპარაკებული და გადაწყვეტილი ტრანსპორტი პატრონმა გაყიდული დამახვედრა — თან, არა ერთმა, არამედ ორმა მათგანმა — მეც ავდექი და, მანქანებზე გაბრაზებულმა, მოტოციკლი ვიყიდე.

არც დაქოქვა ვიცოდი, არც ტარება და არც მგზავრად ვმჯდარვარ როდისმე ვინმეს, მაგრამ მაინც ვიყიდე. იმის შემდეგ მანქანის საჭესთან აღარც დავმჯდარვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი შესანიშნავად აეწყო. იმ პრობლემებს, რომლებიც სწავლების პროცესს სდევდა თან, ის გამოწვევებიც დაემატა, რომელსაც, ჩემდა უნებურად, თბილისი მთავაზობდა. ყველა თანხმდება იმაზე, რომ რა სახის სატრანსპორტო საშუალებითაც უნდა გადაადგილდებოდე, თბილისი არ არის სამოძრაოდ მარტივი ქალაქი, მაგრამ გამოწვევები კიდევ უფრო დიდია მათთვის, ვინც ამას ორ ბორბალზე აკეთებს.

ორბორბლიანი ტრანსპორტის ტარება, უპირველეს ყოვლისა, თავისუფლებასთან და სიჩქარესთან ასოცირდება, თუმცა ამას, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებიც ახლავს, რომელზეც ყველა მძღოლი გაცნობიერებულად მიდის. მაგრამ ამ სტატიაში იმ პრობლემებზე მოგიყვებით, რომლებიც კონკრეტულად თბილისისთვისაა დამახასიათებელი. თუ თქვენც მოგივლიათ ჩვენი დედაქალაქის ქუჩები ორბორბლიან ტრანსპორტით, ეს სიტუაციები მტკივნეულად ნაცნობი იქნება. ხოლო თუ ავტომობილის მძღოლი ხართ, იმედია, ამ ტექსტის წაკითხვის მერე მეტად ყურადღებიანი და გულისხმიერები იქნებით იმ სკუტერებზე, მოპედებსა თუ მოტოციკლებზე მჯდომებისადმი, რომლებიც თბილისის ქუჩებს თქვენთან იყოფენ.

1. მძღოლები არასდროს გთვლიან მოძრაობის სრულფასოვან წევრად

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

დავიწყოთ ალბათ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითით, რომლის შემჩნევაც არც ისე რთულია. ორი გასვლა ქალაქის ქუჩებში და უკვე გრძნობ, რამდენად აღიზიანებთ შენი ძრავის ხმა მანქანით მოძრავ მძღოლებს. და ღმერთმა დაგიფაროთ, თუ ზურგზე რომელიმე საკურიერო სერვისის ჩანთაც გკიდიათ.

ბევრჯერ შევსწრებივარ სიტუაციას, როდესაც ტაქსის მძღოლი (და არამარტო) თავგანწირული ცდილობდა, არ დაეთმო მოპედით მოძრავი ადამიანისთვის გზა, რომელიც ყველანაირი ლოგიკით ამ უკანასკნელს ეკუთვნოდა. ეს მიზანმიმართული ქმედებაა, თუმცა კიდევ უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც შენ წინააღმდეგ წესებს უყურადღებობის გამო არღვევენ. ამის მაგალითია, როცა მოსახვევში მოძრავი ავტომობილი თვითონ მიიჩქარის პირველი მისკენ — იმის მიუხედავად, გაქვს თუ არა შენ შესვლის უპირატესობა. ამ დროს მთავარი პრობლემა ის კი არაა, რომ ავტომობილის მძღოლი თქვენთვის მოსახვევში შესწრებას ცდილობს (ზოგჯერ არც უმაგისობაა); არა, ის, უბრალოდ, ვერც კი გამჩნევთ — მითუმეტეს, თუ ჯიპზე ან რაიმე სხვა, მაღალ სატრანსპორტო საშუალებაზე ზის.

სამწუხაროდ, თბილისის მძღოლების ნაწილს ჯერჯერობით არ გამოუმუშავებია თვისება თუ ინსტინქტი, რომ მათზე პატარა ტრანსპორტს პატივი სცეს და მათი გზაზე შემჩნევა დაიწყოს.

2. ყველა ავარია ყოველთვის შენი ბრალია

ფოტო: Getty Images

ეს ალბათ, ერთი მხრივ, წინა პუნქტში განხილული პრობლემის გაგრძელებაა, მეორე მხრივ კი — იმ აბსურდული კანონის, რომელიც 50 კუბამდე ძრავის მქონე საშუალებებს ველოსიპედთან ათანასწორებს (რაც, საბედნიეროდ, მალე უნდა შეიცვალოს). თავადაც მომსვლია ავარია და რამდენჯერმე შევსწრებივარ სხვისას, მაგრამ არასდროს, არც ერთხელ არ მინახავს, რომ მანქანის მძღოლს თავისი დანაშაული მოპედის ან მოტოციკლის მძღოლის მიმართ ეღიარებინოს.

რასაკვირველია, ხშირია შემთხვევები, როდესაც გზაზე ყველაფერი სწორედ მოტოციკლის ან სკუტერის ბრალით ირევა, თუმცა რამდენად აშკარადაც უნდა იყოს მანქანის მძღოლის დანაშაული გამოკვეთილი, თითქმის გამორიცხულია, რომ მან ეს აღიაროს. ამ კოცონზე ისიც ასხამს ნავთს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც ზოგჯერ იმავე პათოსს იზიარებენ.

3. ძაღლებს სძულხარ

მართალია, ქუჩის ძაღლებს დისკრიმინაცია არ ახასიათებთ და ავტომობილებსაც ისეთივე ენთუზიაზმით ეკიდებიან, როგორც ორბორბლიან ტრანსპორტს, თუმცა ეს ქცევა გაცილებით საშიში ამ უკანასკნელებისთვისაა.

ზევით აღვნიშნე, რომ როგორც ბევრი სხვა, მეც არაერთხელ წავქცეულვარ და ამ წაქცევების უმეტესობა სწორედ მოტოციკლებზე გაბრაზებული ძაღლების დამსახურებაა. თუმცა, ამ შემთხვევაში ჩივილის ადრესატები ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ნამდვილად არ არიან — ეს პრობლემა, ქალაქის მუნიციპალიტეტთან ერთად, თითოეული ჩვენგანის აღმოსაფხვრელია. შინაური ცხოველების ყიდვის ნაცვლად მათი ქუჩიდან აყვანას ამ მიზეზის მიღმაც არაერთი დადებითი მხარე აქვს.

4. არ არსებობს გზა დაბალკუბატურიანი ორბორბლიანი ტრანსპორტისთვის

ფოტო: GLOVO

ეს პრობლემა უფრო მოპედებსა და სკუტერებს ეხება, ვიდრე მოტოციკლებსა და დიდი ძრავის მქონე საშუალებებს. არავინ უარყოფს, რომ დღეს საკურიერო სერვისები თბილისის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებლები არიან. გაზრდილმა მოთხოვნილებამ ბუნებრივად განაპირობა ის, რომ ქალაქში ყოველდღიურად სულ უფრო მეტი კურიერი გადაადგილდება და უმეტესობა მათგანი ამას სწორედ ორ ბორბალზე აკეთებს — იქნება ეს სკუტერი, ველოსიპედი, მოპედი თუ სხვა.

ეს იმის აშკარა ილუსტრაციაა, რომ ქალაქი გამუდმებით ვითარდება და ამ განვითარებას მისმა ინფრასტრუქტურამაც უნდა აუწყოს ფეხი. უკვე აუცილებელია, მოძრაობა რაიმენაირად განიმუხტოს და ამდენი დაბალკუბატურიანი ტრანსპორტი თავისთვის განკუთვნილ ზოლში ჩადგეს. პეკინისა და ჭავჭავაძის გამზირები შესანიშნავი მაგალითებია იმისათვის, თუ როგორ შეიძლება ამ სახის ტრანსპორტის გზის მარჯვენა მხარეს გადაყვანა და არ მგონია, ეს ვინმესთვის საზიანო იყოს — უფრო პირიქით. ეს არა მარტო მოპედის, არამედ ველოსიპედითა და მანქანით მოძრავ მძღოლებსაც დიდ შვებას მოჰგვრის და, იქნებ, ის დამოკიდებულებაც შეარბილოს, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

5. მაინც სეზონური ტრანსპორტია

ფოტო: Marquise de Photographie / Unsplash

მართალია, ეს პრობლემა არც მანქანის მძღოლებისგან, შეშინებული ძაღლებისგან ან ქალაქის ინფრასტრუქტურიდან არ გამომდინარეობს, თუმცა მისი არხსენება მაინც არ გამოვიდოდა. დარწმუნებული ვარ, თქვენც იცნობთ "რაიდერებს", რომლებიც არაფრის დიდებით აღიარებენ იმას, რომ ზამთარში მოტოციკლით გადაადგილება უჭირთ. არადა, რაც უნდა ძვირიანი ეკიპირება იყიდო, დაითბილო ხელები და კისერი, მოტოციკლი მაინც სეზონური ტრანსპორტია და ამ სამწუხარო ფაქტს ვერსად გაექცევი.

ეს მხოლოდ მძღოლის გაყინვას, წვიმის დროს დასველებას ან თაკარა მზეში, ჩაფხუტის შიგნით თავის ატკივებას არ გულისხმობს. ზამთარში, მოყინულ ასფალტზე, გაცილებით რთულია მოძრაობა და მანევრირება, რაც ამ სახის ტრანსპორტს კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის. აქ კი პასუხისმგებლობის თავზე აღება უკვე ჩვენზე, ორბორბლიანი ტრანსპორტის მძღოლებზეა. ჩვენთვის თბილისში ყველაზე სასიამოვნო პერიოდი — როდესაც არც სიცივე გაშინებს და არც სიცხე — ადრეული შემოდგომა და გვიანი გაზაფხულია. ამ პერიოდში თავისუფლად შეგიძლია ქუჩაში ან თუნდაც ქალაქგარეთ გასვლა და იმ სიამოვნების სრულად მიღება, რომლის მოცემაც მხოლოდ ამ ტრანსპორტს შეუძლია.