ყაზახეთში საპროტესტო აქციები და სამართალდამცავებთან დაპირისპირება გრძელდება. ადგილობრივი მედიებსა და ტელეგრამზე გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმი, რომელიც დედაქალაქსა და რამდენიმე ქალაქში იყო გამოცხადებული, მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ყაზახეთში აიკრძალა მასობრივი შეკრებები და დილის 7 საათამდე კომენდანტის საათი დაწესდა.

დემონსტრანტებმა აიღეს ალტანის აეროპორტი. საერთაშორისო მედიებთა აეროპორტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ თანამშრომლები და მგზავრები ევაკუირებული არიან. არსებული ინფორმაციით, აეროპორტში დაახლოებით 40 დემონსტრანტი შეიჭრა.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ დემონსტრანტები ექსპრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლის ჩამოგდებას ცდილობდნენ. ახა კი ინტერნეტი გატეხილი ძეგლის ფოტოებმა მოიცვა.

ამ ეტაპზე გავრცელდა არაერთი ინფორმაცია, რომელთა დადასტურება ვერ ხერხდება. კერძოდ, ტელეგრამ არხებში წერენ, რომ დემონსტრანტებმა აიღეს ქალაქ ალმატის უშიშროების საბჭოს ოფისი, პროკურატურა და ჯარისკაცებისა და სამართალდამცავების ნაწილი მათ შეუერთდათ. გარდა ამისა, ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ჯარისკაცების ნაწილი კონკრეტულ პირებს განიარაღებული ჰყავთ.

როგორც ცნობილია, მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშულია, როგორც მობილური, ასევე ხაზის ინტერნეტი და დაბლოკილია რამდენიმე აპლიკაცია. გარდა ამისა, ტელეეთერი გაითიშა რამდენიმე ნაციონალურ არხზე.

რამდენიმე საათის წინ ყაზახეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, დემონსტრანტები თავს ესხმიან სამართალდამცავებს, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაჭრილები. მან დემონსტრანტებს ხულიგნები უწოდა, ძალადობასა და მაღაზიების ძარცვაში დაადანაშაულა.

ტოყაევის აზრით, პროტესტის მონაწილეების ქმედებებით ცხადია, რომ ეს შეთქმულების კარგად მომზადებული გეგმაა, რომლის უკანაც ფინანსური მოტივია. მანვე აღნიშნა, რომ როგორც სახელმწიფოს მმართველი და "დღეიდან უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი" აპირებს, იმოქმედოს მაქსიმალურად მკაცრად. ეს ნიშნავს, რომ ამ თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი აღარ იქნება.

რა ხდება ყაზახეთში

საწვავის ფასების მატების გამო ყაზახეთში მასშტაბური პროტესტი დაიწყო, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სპეციალური შუშხუნები გამოიყენეს, თუმცა პროტესტი არ შეწყდა. პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ალმათსა და მანგისთაუს რაიონში, სადაც არეულობა იყო 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა — 7 საათამდე კომენდანტის საათი დაწესდა, აიკრძალა გადაადგილება და მასობრივი შეკრებები. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მთავრობა გადადგა.

ქვეყნის მასშტაბით ჯერ მობილური, შემდეგ კი ქსელის ინტერნეტი გაითიშა, დაიბლოკა სხვადასხვა საკომუნიკაციო აპლიკაცია და გაითიშა რამდეიმე მედიის ტელეეთერი.

ტოყაევი პროტესტში "დესტრუქციულ ადამიანებს" ადანაშაულებდა, რომლებსაც "საზოგადოების ერთობის დაშლა სურთ" და ამბობდა, რომ სახელმწიფო შენობებზე ნებისმიერი ტიპის თავდასხმა უკანონობაა. მან მინისტრების მოვალეობის შემსრულებლებს საწვავის ფასების დასტაბილურებაზე მუშაობა დაავალა.

მთავრობის გადადგომის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა. არსებულ ინფორმაციით, დემონსტრანტები შეიჭრნენ ადმინისტრაციულ შენობაში, საიდანაც სროლისა და აფეთქების ხმა ისმოდა, გავრცელდა ხანძრის კადრებიც. პროტესტის მონაწილეები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.

ოფიციალური წყაროების მიხედვით, დაკავებულია რამდენიმე ასეული მოქალაქე და დაშავებულია 200-მდე პოლიციელი. დამწვარია 100-ზე მეტი მანქანაც. დაშავებული დემონსტრანტების რაოდენობაზე ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება.