ესპანელი მეცნიერები ნეიტრონული ვარსკვლავის ერთ-ერთი ტიპის, მაგნეტარის უმძლავრესი ამოფრქვევის შესახებ იტყობინებიან, რომლის ენერგიაც მილიარდობით მზისას გაუტოლდა. ეს მოვლენა წამზე ნაკლებ დროში მოხდა. ამის შესახებ ავტორები გამოცემაში Nature გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.

მაგნეტარი გახლავთ ვარსკვლავის კოლაფსირებული ბირთვი, რომელიც მზეზე ათასჯერ კაშკაშაა და ძალიან ძლიერი მაგნიტური ველი აქვს. მათი ამოფრქვევები მასშტაბური, არაპროგნოზირებადი და იმდენად ხანმოკლეა, რომ ასტრონომებს მსგავს ფენომენზე სათანადოდ დაკვირვების საშუალება არ ეძლევათ ხოლმე.

ამის მიუხედავად, მკვლევრებმა 2020 წელს ერთ-ერთი ასეთი ამოფრქვევის დაფიქსირება შეძლეს და მომდევნო თვეების განმავლობაში ის დეტალურად შეისწავლეს. მათი განცხადებით, აღნიშნულმა მაგნეტარმა წამის 1/10-ში იმ რაოდენობის ენერგია გამოათავისუფლა, რომელსაც ჩვენი მნათობი 100 000 წელში გამოყოფს.

ნეიტრონული ვარსკვლავი ზეახალის აფეთქების შედეგად წარმოიქმნება, ანუ მაშინ, როცა პირველადი ობიექტი კვდება. ამ დროს ბირთვში არსებული პროტონები და ელექტრონები შეკუმშულ სფეროში ერთიანდება, რომელიც მძლავრი გრავიტაციით, მაგნიტური ველითა და სწრაფი ბრუნვით ხასიათდება. წარმოიდგინეთ 1.3-2.5 მზის მასა, რომელიც მხოლოდ 20 კილომეტრი დიამეტრის მქონე ბურთშია მოქცეული. მატერია იქ იმდენად მჭიდროა, რომ შაქრის 1 ნატეხის ზომაში 1 მილიარდ ტონაზე მეტი წონა ეტევა. მაგნეტარების მაგნიტური ველი სხვა ნეიტრონული ვარსკვლავებისას 1 000-ჯერ აღემატება, მათ სიკაშკაშეში კი მზე დაიჩრდილებოდა.

მეცნიერთა მიერ გაანალიზებული ამოფრქვევა დედამიწიდან დაახლოებით 13 მილიონი სინათლის წლით დაშორებულ მოქანდაკის გალაქტიკაში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დამონტაჟებულმა ხელსაწყომ შენიშნა. სიგნალი ძალიან მალე გაქრა, თუმცა მონაცემებიდან მისი გამოცალკევება და შესწავლა მაინც მოხერხდა.

"თითქოს, მაგნეტარმა გადაწყვიტა, საკუთარი არსებობის შესახებ კოსმოსური მარტოობიდან სიცარიელეში ხმა გაევრცელებინა და ეს მან მილიარდობით მზის ძალით გააკეთა", — ამბობენ ავტორები.

ისინი ფიქრობენ, რომ მსგავსი ამოფრქვევები ე.წ. ვარსკვლავძვრებითაა (სიტყვა მიწისძვრიდან მომდინარეობს) გამოწვეული, რა დროსაც ობიექტის გარეთა ფენები ირღვევა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.