საპატრიარქოს ინფორმაციით, საშობაო ალილო ისევ ხალხის მსვლელობის გარეშე ჩატარდება და ამის ნაცვლად სასულიერო პირები კვლავ მანქანებიდან დალოცავენ მრევლს. მიზეზად საპატრიარქოში პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვას ასახელებენ.

"სამღვდელოება მოსახლეობას დალოცავს მანქანებიდან ნაკურთხი წყლის სხურებით და კმევითა და გალობით მიულოცავს შობას.

მანქანებით მსვლელობა დაიწყება 7 იანვარს 14 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, რომელიც დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში 16 საათზე ქრისტესშობის სამადლობელი პარაკლისით", — აცხადებენ საპატრიარქოში.

მათივე თქით, ტრადიციისამებრ შეგროვდება საჩუქრები, ტანსაცმელი, სათამაშოები და ნუგბარი, რომელიც ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დარიგდება.

ალილო შარშანაც მსგავსად ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძრიდან სამი მიმართულებით ექვსი ავტომობილი დაიძრა, ქალაქი შემოიარა და სასულიერო პირებმა ხალხი და ქალაქი ავტომობილებიდან აკურთხეს. გარდა ამისა, მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის გამონაკლისი დაწესდა და შარშან შობის ღამეს კომენდანტის საათი მოიხსნა. იგივე პრივილეგიით არ უსარგებლიათ სხვა კონფესიის წარმომადგენლებს.