ყაზახეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, დემონსტრანტები თავს ესხმიან სამართალდამცავებს, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაჭრილები. მან დემონსტრანტებს ხულიგნები უწოდა, ძალადობასა და მაღაზიების ძარცვაში დაადანაშაულა.

ტოყაევის აზრით, პროტესტის მონაწილეების ქმედებებით ცხადია, რომ ეს შეთქმულების კარგად მომზადებული გეგმაა, რომლის უკანაც ფინანსური მოტივია. მანვე აღნიშნა, რომ როგორც სახელმწიფოს მმართველი და "დღეიდან უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი" აპირებს, იმოქმედოს მაქსიმალურად მკაცრად. საერთაშოიროს მედიის ინფორმაციით, ეს ნიშნავს, რომ ამ თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი აღარ იქნება.

შეგახსენებთ, რომ 30-წლიანი მმართველობის შემდეგ ნურსულთან ნაზარბაევმა პოსტი თავად დატოვა. ახალ პრეზიდენტად ტოყაევი მან შესთავაზა ხახლს. ის საპრეზიდენტო კანდიდატად პარტია ნურ ოსტანმა წარადგინა, რომლის ლიდერიც ნაზარბაევია. გადადგომის შემდეგ ნაზარბაევი ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ რჩებოდა.

გარდა ამისა, სიტყვით გამოსვლისას ტოყაევმა პოლიტიკური რეფორმების დაპირება გასცა და განაცხადა, რომ მალე გაავრცელებს დეტალურ ინფორმაციას. მისივე თქმით, რაც არ უნდა მოხდეს, ყაზახეთის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს და იმედი აქვს, რომ ხალხი მას მხარს დაუჭერს.

ტოყაევმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებსა და ჯარისკაცებს, რომლებიც აქციებს შლიდნენ და განაცხადა, რომ მათ მძიმე დატყმა მიადგათ. მან მიუსამძიმრა დაღუპულ პოლიციელთა ოჯახებს და არაფერი უთქვამს დაშავებულ მოქალაქეებზე.

რა ხდება ყაზახეთში

საწვავის ფასების მატების გამო ყაზახეთში მასშტაბური პროტესტი დაიწყო, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სპეციალური შუშხუნები გამოიყენეს, თუმცა პროტესტი არ შეწყდა. პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ალმათსა და მანგისთაუს რაიონში, სადაც არეულობა იყო 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა — 7 საათამდე კომენდანტის საათი დაწესდა, აიკრძალა გადაადგილება და მასობრივი შეკრებები. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მთავრობა გადადგა.

ქვეყნის მასშტაბით ჯერ მობილური, შემდეგ კი ქსელის ინტერნეტი გაითიშა, დაიბლოკა სხვადასხვა საკომუნიკაციო აპლიკაცია და გაითიშა რამდეიმე მედიის ტელეეთერი.

ტოყაევი პროტესტში "დესტრუქციულ ადამიანებს" ადანაშაულებდა, რომლებსაც "საზოგადოების ერთობის დაშლა სურთ" და ამბობდა, რომ სახელმწიფო შენობებზე ნებისმიერი ტიპის თავდასხმა უკანონობაა. მან მინისტრების მოვალეობის შემსრულებლებს საწვავის ფასების დასტაბილურებაზე მუშაობა დაავალა.

მთავრობის გადადგომის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა. არსებულ ინფორმაციით, დემონსტრანტები შეიჭრნენ ადმინისტრაციულ შენობაში, საიდანაც სროლისა და აფეთქების ხმა ისმოდა, გავრცელდა ხანძრის კადრებიც. პროტესტის მონაწილეები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.

ოფიციალური წყაროების მიხედვით, დაკავებულია რამდენიმე ასეული მოქალაქე და დაშავებულია 200-მდე პოლიციელი. დამწვარია 100-ზე მეტი მანქანაც. დაშავებული დემონსტრანტების რაოდენობაზე ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება.