ისრაელელ მეცნიერთა გუნდმა თევზისთვის ხმელეთზე გადაადგილების საშუალება შექმნა — უფრო კონკრეტულად, თევზის ტრანსპორტი, რომლის მართვაც მას ცურვისას შეუძლია.

ბენ-გურიონის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა დააპროექტა ოთხბორბლიანი ურიკა, ერთგვარი თევზის ტრანსპორტი, რომელშიც განთავსებულია კომპიუტერი, LIDAR სისტემა და ორგანული მინისგან დამზადებული წყლის ავზი. ეს ყველაფერი კი ნავიგაციის უზრუნველსაყოფად. გუნდმა ავზში რამდენიმე თევზი მოათავსა და ასე ეცადა გაერკვია, რამდენად შეეძლო კომპიუტერულ სისტემას თევზის მოძრაობები ურიკის მოძრაობად გარდაექმნა.

მკვლევართა გუნდი ვიდეოსაც ავრცელებს, სადაც ჩანს, თუ როგორ ახერხებს "ოქროს თევზი" საკუთარი ტრანსპორტით გადაადგილებას. არის თუ არა ეს კიბორგი თევზების აჯანყების დასაწყისი, თუ თევზის ხმელეთზე სეირნობის უწყინარი მეთოდი, თვითონ გადაწყვიტეთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ეს თევზები ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ და ურიკები წარმატებით ატარეს. აღსანიშნავია, რომ ეს მათ ჯილდოს ხათრით გააკეთეს. რა გასაკვირია და ჯილდო თევზის საჭმელი იყო.

თავიდან ბევრ თევზს 30 წუთი დასჭირდა თავისი ვიზუალური სამიზნის მოსაძებნად (საითკენაც უნდა გაეცურა, შესაბამისად კი ურიკა ეტარებინა). ხმელეთზე გადაადგილებისას ისინი სატყუარებსა და ჩიხებსაც არიდებდნენ თავს, ხოლო ექსპერიმენტის ბოლოს მათ სამიზნემდე მისაღწევად უკვე წუთზე ნაკლები სჭირდებოდათ.

როგორც აღმოჩნდა, "ოქროს თევზებს" მიმართულების აღქმის შესანიშნავი უნარი აქვთ, მიუხედავად იმისა, წყალში გადაადგილდებიან თუ ხმელეთზე.

"ეს შედეგები აჩვენებს, თუ როგორ შეძლო თევზმა თავისი სივრცის აღქმისა და ნავიგაციის უნარების გამოყენება სრულიად განსხვავებულ გარემოში — ხმელეთზე. ეს კი ამყარებს ჰიპოთეზას იმის შესახებ, ნავიგაცია უნივერსალური უნარია, რომელიც სახეობებზე არაა დამოკიდებული", — ასკვნიან მკვლევარები თავიანთ ნაშრომში, რომელიც Behavioral Brain Research-შია გამოქვეყნებული.

რა თქმა უნდა, უახლოეს მომავალში ქუჩებში ჭკვიანი ურიკებით მოსიარულე თევზებს ვერ ვიხილავთ, თუმცა, აღნიშნული ექსპერიმენტი მათ შესახებ ბევრ ახალ და საინტერესო ცნობას გვაწვდის.