რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს, რის შემდეგაც გააქტიურდა ე.წ. ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიაწოდეს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

"უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას", — აცხადებენ სუს-ში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად. მათივე თქმით, ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალას.