ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში საკეისრო კვეთიდან რამდენიმე დღეში, 29 დეკემბერს გარდაცვლილი 19 წლის სესილი ბუბუტეიშვილის ოჯახი ექიმებს უჩივის. ისინი მომხდარზე პასუხისმგებლობას სამედიცინო პერსონალს აკისრებენ და აცხადებენ, რომ ორსულს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა და გარდაცვალება, სავარაუდოდ, ანესთეზიის პრეპარატის არასწორი დოზის, ან უხარისხო მედიკამენტის გამოყენებამ გამოიწვია.

"ჩვენ ვითხოვთ, პირველ რიგში, ანესთეზიოლოგისთვის უფლებამოსილების შეჩერებას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კანონით დასჯას. ამასთან, თუკი გაირკვევა სხვა ექიმების უფლებამოსილების გადაჭარბება, ბრალეულობა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მასთან ერთად უნდა მოხდეს ყველა მონაწილე პირის კანონით დასჯა", — აცხადებენ ოჯახის წევრები.

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში კი გარდაცვლილის ოჯახის წევრების ბრალდებებს უარყოფენ და საპაუხოდ აცხადებენ, რომ კლინიკაში გამოყენებული ყველა მედიკამენტი ლიცენზირებული და სამინისტროს მიერ დამტკიცებულია.

"გაკეთდა სპინალური ანესთეზია, ჩატარდა საკეისრო კვეთა ჩვენებით, იყო გარდი-გარდმო მდებარეობა ნაყოფის და მესამე ხარისხის სიმსუქნე. ოპერაციის დროს, ანესთეზიის დროს განვითარდა გულის გაჩერება, რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად აღდგა გულის რითმი, პაციენტი გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში, რის შემდეგაც 15 დღიანი მკურნალობის შედეგად, სამწუხაროდ, ვერ მოხდა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა", — თქვა კლინიკის წარმომადგენელმა TV პირველთან.

19 წლის გოგო ქუთაისში გადაყვანამდე ზუგდიდში მკურნალობდა. როგორც ზუგდიდის კლინიკის ექიმი TV პირველთან ამბობს, მშობიარობა ნაადრევი იყო, ამიტომ პაციენტს ქუთაისში წასვლა თავად ურჩია. მისი თქმით, ორსული გოგო დედასთან ერთად, საავადმყოფოში თავისი ფეხით შევიდა და მდგომარეობა იმ პერიოდისთვის რთული არ ყოფილა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ნაყოფის მდებარეობა გარდაცვალებას ვერ გამოიწვევდა.

ქუთაისის კლინიკაში აღნიშნავენ, რომ პაციენტის ისტორიას რეგულირების სააგენტო სწავლობს და ისინი დასკვნას სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისაგან ელოდებიან.