16 არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს პრეზიდენტს, ვეტო დაადოს ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკანონმდებლო ცვლილებებს და მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს პარლამენტს. მათი შეფასებით, ეს ცვლილებები დემოკრატიისთვის დამაზიანებელია.

"ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ, ყოველგვარი დასაბუთების თუ შესაბამისი აქტორების და თავად სახელმწიფო ინსპექტორის ჩართულობის გარეშე, მიიღო არაკონსტიტუციური და ქართული დემოკრატიისთვის უკიდურესად დამაზიანებელი გადაწყვეტილება.

ამავდროულად, მისასალმებელი იყო საქართველოს პრეზიდენტის წინასწარი შეფასება, რომ მისთვის მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა. შესაბამისად, პრეზიდენტმა მოუწოდა საკანონმდებლო ორგანოს, შეეწყვიტა საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა და ყველასთვის მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა საკუთარი არგუმენტები", — აცხადებენ NGO-ები.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (osgf)
  2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  3. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI Georgia)
  4. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
  5. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  6. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  7. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  8. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  9. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  10. ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის (RIVG)
  11. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  12. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  13. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  14. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  15. საქართველოს სასამართლოს გუშაგი (GCW)
  16. საფარი

პარლამენტმა ქართული ოცნების ინიცირებულ კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ დაჩქარებულად განიხილა და ახალ წლამდე დაამტკიცა. კანონპროექტის მიხედვით, უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სამსახური. მის მაგივრად იქმნება ორი — სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.

კანონის მიღების შეჩერება მოითხოვა ევროკავშირმა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, გაერომ, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ევროპარლამენტარებმა, ამერიკის ელჩმა. ყველა მათგანმა მიუთითა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის დაშლა ასეთი დაჩქარებული წესით, გაუმჭვირვალედ, იყო მიუღებელი და ამ კანონის მიღება უნდა დაფუძნებოდა ფართო დისკუსიებს, ღია და ღრმა განხილვებს, მათ შორის ამ დისკუსიებში პირველ რიგში ჩართული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რეფორმა უნდა განხორციელებულიყო ფრთხილად და თანამდებობის პირების მიმართ მსგავსი მსუსხავი ეფექტის თავიდან არიდების გზით. ასევე მიუთითეს, რომ ეს პროცესი საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას და ძირს უთხრის სამსახურის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას.

თავად სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, რომ ეს არის შტურმი სამსახურზე, რომელიც თავის გადაწყვეტილებებს არასოდეს არავის უთანხმებდა. მისი თქმით, მმართველ პარტიას სამსახურის გაუქმების შესახებ მათთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. მისივე თქმით, მაშინ, როდესაც სამშობიაროდან უწყების გაძლიერების პროექტს წერდა, პარლამენტი მისი გაუქმების შესახებ კანონპროექტს ამზადებდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მუშაობის დაწყებიდან დღემდე არაერთხელ გაუვრცელებია ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, თუმცა ყველაზე დიდი გამოხმაურება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე მომზადებულმა დასკვნამ გამოიწვია. დოკუმენტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტრომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებით კანონი დაარღვია.

უწყებამ კადრების გავრცელების გამო იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დააჯარიმა და მათი წაშლა დაავალა. აღსანიშნავია, რომ 19 დეკემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ინსპექტორის დასკვნას არ ეთანხმება. მისი განცხადებით, ექსპრეზიდენტის უფლებები არ შელახულა და როცა საუბარია იმაზე, რომ მოქალაქეებმა პრეზიდენტი იხილეს ასეთ მდგომარეობაში, სააკაშვილი ადამიანებმა მანამდეც ნახეს "სახურავზე კარლსონივით" და "თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცავი".