ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ 1 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.

უწყება, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექვემდებარება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებლად შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლებასა და სხვადასხვა ტიპის მომსახურებების შესყიდვას ითხოვს.

გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტების მიხედვით, უწყებამ მომსახურება შესაძლებელია 2022 წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს მიიღოს, იმის გათვალისწინებით თუ რა დროს იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა კვლევები და მათზე გამოთქმული შენიშვნები.

"დაწყების დღიდან ამ ეტაპამდე, შემსყიდველ ორგანიზაციას კონსულტაციას უწევდნენ სხვადასხვა საერთაშორისო იურიდიული თუ ფინანსურ/ტექნიკური საკონსულტაციო კომპანიები (Dechert Georgia (შემდგომში შპს "ემ ჯი იურიდიული ოფისი"), White & Case, Port Consultants Rotterdam, Maritime & Transport Business Solutions B.V.ა ა.შ.), რომლებიც სრულად არიან ჩართულნი პროექტში, იცნობენ პროექტის ყველა დეტალს და მიზანშეწონილია, რომ სწორედ აღნიშნულ/ასეთ კონსულტანტებთან მოხდეს თანამშრომლობის გაგრძელება, რაც დაზოგავს სააგენტოს დამატებით არაგონივრულ ფულად რესურსსა და დროს, ასევე შესაძლებელია ხელშეკრულებ(ებ)ი გაფორმდეს ახალ მაღალ კვალიფიკაციის/რეპუტაციის მქონე საერთაშრისო საფინანსო ან/და საკონსულტაციო ან/და იურიდიულ კომპანიებთან", — წერია გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტებში.

გასული წლის ოქტომბერში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ამბობდა, რომ მთავრობას აქვს სურვილი, ანაკლიის პორტის ინვესტორების შესარჩევად 2022 წელს საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადოს.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის პორტის აშენების ტენდერი 2016 წელს გაიმართა, სადაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გაიმარჯვა. 2020 წლის დასაწყისში კი საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. რამდენიმე თვის შემდეგ, კონსორციუმმა საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლა.