კალიფორნიის სასამართლომ როკჯგუფ Nirvana-ის წინააღმდეგ მომზადებული სარჩელი არ დააკმაყოფილა. სარჩელი ჯგუფის ერთ-ერთი ალბომის, Nevermind-ის გარეკანზე გამოსახულმა სპენსერ ელდენმა შარშან ზაფხულს შეიტანა. იგი ჯგუფის წევრებსა და ალბომის გამომშვებ ლეიბლს სექსუალური ექსპლუატაციის ბრალდებას უყენებდა, რადგან თავად ალბომზე სრულიად შიშველია გამოსახული. ელდენის თქმით, გარეკანზე მისი ფოტოს გამოყენებით, ბავშვთა პორნოგრაფიის წარმოება-გავრცელებასთან დაკავშირებული კანონი დაირღვა.

მუსიკალური ჯგუფის წარმომადგენლების განცხადებით, ბრალდების წარდგენის ვადა 2011 წელს ამოიწურა, შესაბამისად, სარჩელის მომზადება დაგვიანებული იყო. თუმცა, ამაზე პასუხად ელდენის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ვადა მანამდე არ ამოიწურება, სანამ Nevermind არსებული ფორმით იყიდება.

ამის მიუხედავად, Nirvana-ის წარმომადგენლების მიერ სარჩელის უარყოფაზე პასუხის გაცემისთვის დრო ელდენის იურისტებს 30 დეკემბრამდე ჰქონდათ. რადგან ამ ვადაში მათ საპასუხოდ არაფერი გაუკეთებიათ, მოსამართლე ფერნანდო ოლგვინმა სარჩელი არ დააკმაყოფილა, თუმცა საქმე ღიად დატოვა და მომჩივნის მხარეს 13 იანვრამდე მისცა დრო შესაბამისი ცვლილებებით სარჩელის ხელახლა მოსამზადებლად.

ფოტო: John Chapple / YouTube

ელდენი, რომელიც ახლა უკვე 30 წლისაა აცხადებდა, რომ ცნობილი ალბომის გარეკანმა მას "უზარმაზარი და სამუდამო ემოციური ტრავმა" მიაყენა. თუმცა, Nirvana-ის წარმომადგენლები ამ ბრალდებას "არასერიოზულად" მიიჩნევდნენ.

"ეს ნიშნავს, რომ ყველა, ვისაც ალბომის ასლი აქვს შეძენილი, ბავშვთა პორნოგრაფიას ფლობს და დამნაშავეა", — აღნიშნეს მათ და დასძინეს, რომ ელდენს, "აქამდე, როგორც ჩანს, მოსწონდა 'Nirvana-ის ბავშვად' ყოფნა".

ელდენი გააკრიტიკეს ინტერნეტმომხმარებლებმაც და შეახსენეს, რომ იგი წლების განმავლობაში იღებდა იდენტურ ფოტოებს და ალბომის სახელი მკერდზეც კი დაიხატა ტატუდ.

საქმეში მოპასუხე მხარეს Nirvana-ის წევრები, დეივ გროლი და კრისტ ნოვოსელიჩი, ასევე კურტ კობეინის ცოლი კორტნი ლავი და გარეკანზე გამოსახული ფოტოს ავტორი, კირკ უედლი წარმოადგენდნენ.