ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეისათვის ომიკრონის 148 შემთხვევაა დადასტურებული.

"ბოლო პერიოდის განმავლობაში საახალწლო დღეებთან დაკავშირებით ტესტირების რაოდენობა შედარებით ნაკლები იყო, გამომდინარე აქედან გარკვეულწილად დაგროვდა ის შემთხვევები, რომელიც გამოუვლენელი დარჩა და დღეს 3 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა საშუალო მაჩვენებელი ბოლო 7 დღის განმავლობაში არის 2 000 შემთხვევა, რაც შედარებით ნაკლებია, ვიდრე წინა კვირებში, მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც არის საკმაოდ საყურადღებო მაჩვენებელი.

ამას კიდევ უფრო საყურადღებოს ხდის ის გარემოება, რომ მოსალოდნელია ომიკრონის შემთხვევების მატება. დღეისათვის დადასტურებულია 148 ლაბორატორიული შემთხვევა ომიკრონის, თუმცა სხვა ქვეყნების გამოცდილება მიუთითებს იმაზე, რომ ომიკრონის გავრცელების შესაძლებლობები და სისწრაფე უფრო მაღალია, ვიდრე მაგალითად დელტა შტამის შემთხვევაში იყო, თუმცა ასევე, ისიც არის ცნობილი, რომ კლინიკურად მძიმე მიმდინარეობა სხვა შტამებისგან განსხვავებით მას, ყოველ შემთხვევაში დღევანდელი ინფორმაციით, არ ახასიათებს", — აცხადებს ის.

გაბუნიას თქმით, კლინიკური სექტორი მობილიზებული რჩება და საწოლების თითქმის 50% თავისუფალია.

"მობილიზებული რჩება, ბუნებრივია, კლინიკური სექტორი. დღეისთვის არ არის დატვირთვა მაღალი. თითქმის 50% საწოლების არის თავისუფალი, გამომდინარე აქედან, თუკი საჭირო გახდება დამატებითი ნაკადის მართვა, ბუნებრივია, ჰოსპიტალურ სექტორს ამისი შესაძლებლობა აქვს", — თქვა მან.

3 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 590 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 955, ხოლო გარდაიცვალა 67 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 39 315 კვლევა ტესტით, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით — 26 302, PCR ტესტით — 13 013.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,13%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 5,67% ხოლო 7 დღის მანძილზე — 6,26%.