საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით საქართველოს მთავრობამ საკუთარი მესიჯი ნათლად აჩვენა — ის ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფვის. ამის შესახებ კელიმ საკუთარ Twitter-ზე დაწერა.

"გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მეგობრებმა მთავრობის ევროატლანტიკურ კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანა დაიწყეს", — წერს ის.

დღეს, 3 იანვარს აშშ-ის საელჩომ საქართველოს ხელისუფლება ინსპექტორის სამსახურისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტებში შეტანილი ცვლილებების გამო გააკრიტიკა. საელჩოს განცხადებით, გასულ კვირას ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით ქართულმა ოცნებამ მთავრობის ანგარიშვალდებულებას ძირი გამოუთხარა, ხოლო სასამართლოებზე მიღებული კანონპროექტით კიდევ უფრო შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ.

პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და სასამართლოების შესახებ კანონპროექტები მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით 30 დეკემბერს დაამტკიცა.