სამხრეთ კორეაში კატების მეპატრონეებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებენ, რადგან სეულის მეხანძრეების განცხადებით, ფისოებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში 100-ზე მეტი ხანძარი გააჩინეს.

ოფიციალური განცხადების თანახმად, კატებმა 2019 წლის იანვრიდან 2021 წლის ნოემბრამდე 107 ხანძარი გამოიწვიეს. სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, კატები ხანძარს ელექტროღუმელის ჩართვით იწვევენ. ფისოები ელექტროღუმელის სენსორულ ღილაკებზე დახტიან და ასე რთავენ მას. ჩართული ღუმელი ნელ-ნელა ცხელდება და ბოლოს მოწყობილობას ცეცხლი უჩნდება.

ფოტო: Getty Images

ხანძრების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა და ცეცხლი ძირითადად მაშინ ჩნდებოდა, როცა კატების პატრონები შინ არ იმყოფებოდნენ. "კატების მეპატრონეებს მეტი ყურადღებისკენ მოვუწოდებთ, რადგან მარტო დატოვებული ცხოველები ხანძარს აჩენენ. ხანძარი კი ძალიან მოკლე დროში ვრცელდება, რადგან შინ არავინ არის, ამას რომ ხელი შეუშალოს", — ნათქვამია სახანძრო დეპარტამენტის განცხადებაში.

როგორც ჩანს, კატების მიერ გამოწვეული ხანძრები მხოლოდ სამხრეთ კორეის პრობლემა არ არის. აშშ-ის მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად შინაური ცხოველები 1000-ზე მეტ ხანძარს იწვევენ. შინაური ცხოველების მეპატრონეებს მოუწოდებენ, რომ ღუმელის სენსორული ღილაკები დაფარონ ან კატებს ელექტროღუმელთან მიახლოება აუკრძალონ.