საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული. მათი განცხადებით, გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით აქტიურ რეჟიმში გრძელდება, რათა ავტოტრანსპორტის გადაადგილება უმოკლეს პერიოდში აღდგეს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე და ასევე, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მათი განცხადებით, დაწესებული რეჟიმები ნარჩუნდება შემდეგ საავტომობილო გზებზე:

  • ინტენსიური თოვის გამო ხაშური-ახალციხე-ვალე საავტომობილო გზის კმ1–კმ50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია;
  • თოვლისა და ლიპყინულის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით;
  • ასევე, დიდთოვლობის გამო ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;
  • ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია;
  • ინტენსიური თოვის გამო ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებითა და გამართული ავტოტრანსპორტით იმოძრაონ და საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს დაემორჩილონ.